ყავა შეიძლება წარმოადგენდეს ღვიძლის გაცხიმოვნების საწინააღმდეგო საიდუმლო იარაღს

ყავა შეიძლება წარმოადგენდეს ღვიძლის გაცხიმოვნების საწინააღმდეგო საიდუმლო იარაღს

სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: ეკატერინე ჯანჯარია
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: Coffee Could Be the Secret Weapon Against NAFLD

ეჭვგარეშეა, რომ ღვიძლის ცხიმოვანი არაალკოჰოლური დაავადების (NAFLD) / არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის (NASH) მქონე პაციენტებში სიმსუქნის მკურნალობის ძირითად მეთოდს წარმოადგენს ვარჯიში და დიეტა. თუმცა, დღეში მინიმუმ რამდენიმე ფინჯანი ყავის მიღება წარმოადგენს დამატებით ძლიერ წამალს, აღნიშნა მანალ ფ. აბდელმალეკმა (Manal F. Abdelmalek), MD, MPH, გასტროენტეროლოგიურ განახლებაზე, IBD, ღვიძლის დაავადების კონფერენციაზე.

„მე ვურჩევ დღეში, მინიმუმ, ორ-სამ ფინჯან ყავას NAFLD-ით დაავადებულ პაციენტებს,“ თქვა აბდელმალეკმა. მედიცინის პროფესორმა და დიუკის უნივერსიტეტის გასტროენტეროლოგმა (დურჰემი, N.C.)

მისი აზრით, ამ რეკომენდაციაზე გავლენა მოახდინა იმ 16 კვლევის მეტა-ანალიზმა, რომლებშიც მონაწილეობას იღებდა 3.000-ზე მეტი ყავის მომხმარებელი და 132.000 ადამიანი, რომელიც არ იღებდა ყავას; მეტა-ანალიზის შედეგების მიხედვით, ყავის მოყვარულებში ციროზის განვითარების ალბათობა იყო 39%-ით ნაკლები. ასევე, არსებობს მტკიცებულება დოზა-დამოკიდებული ეფექტის შესახებ: დღეში ორი, ან მეტი ფინჯანი ყავის მომხმარებლებში ციროზის რისკი 47%-ით შემცირდა, ვიდრე ადამიანებში, რომლებიც არ გამოიყენებენ ყავას, ხოლო ყავის უფრო მოკრძალებული მოხმარება დაკავშირებული იყო რისკის 34%-ით შემცირებასთან. უფრო მეტიც, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ყავის მოხმარება ასევე დაკავშირებულია ღვიძლის ფიბროზის განვითარების ალბათობის 27%-ით შემცირებასთან, მათთან შედარებით, ვინც არ სვამს ყავას.

„კიდევ უფრო პროვოკაციული არის მტკიცებულება, რომ ყავა ამცირებს ჰეპატოცელულარული კარცინომის რისკს,“ აღნიშნა გასტროენტეროლოგმა.

მან ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს მიერ ჩატარებული იმ 18 კოჰორტული კვლევის მეტა-ანალიზს, რომელშიც განიხილებოდა 2.27 მილიონი მონაწილე და 2,905 შემთხვევა, 8 საკონტროლო კვლევასთან ერთად, რომელშიც წარმოდგენილი იყო კოლექტიური 1.825 შემთხვევა და კონტროლის 4.652 შემთხვევა. მკვლევარებმა განაცხადეს, რომ დღეში მინიმუმ ორი ფინჯანი ყავის დალევა დაკავშირებულია ჰეპატოცელულარული კარცინომის რისკის 35%-ით შემცირებასთან, ღვიძლის დაავადების სტადიის, B, ან C ვირუსული ჰეპატიტის, ალკოჰოლის ხშირი მოხმარების, მოწევის, სიმსუქნის, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის არსებობის, ან არარსებობის მიუხედავად.

„ეს არის ძალიან შთამბეჭდავი მონაცემები, რომელიც რა თქმა უნდა, არ უნდა უგულვებელყოთ,“ ამბობს აბდელმალეკი.

ასევე, არსებობს „ძალიან მყარი“ მონაცემები, რომ ყავა ამცირებს შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ის განვითარების რისკს, განაგრძო მან. აღნიშნული სარგებლის მექანიზმი გაურკვეველია.

„არის ეს კოფეინის, თუ მარცვლის სხვა შემადგენელი კომპონენტის, მაგალითად, ფენოლის ეფექტი, უცნობია. ჩაის ისტორია არ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორც ყავის, აქედან გამომდინარე, ეს შესაძლოა ცდებოდეს კოფეინის შესაძლებლობებს,“ ამბობს აბდელმალეკი.

სესიის მოდერატორმა ნორა ა. ტეროლტმა (Norah A. Terraul), MD, MPH, აღნიშნა, რომ დღეში, მინიმუმ, ორი ფინჯანი ყავის დალევა, ასევე, დაკავშირებულია B, ან C ვირუსული ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტებში ციროზის რისკის შემცირებასთან.

„მეც ყავის რეკომენდაციის დიდი მომხრე ვარ. პაციენტებს იმდენ რამეს ვართმევთ, სასიამოვნოა, რომ რაღაცას ვუბრუნებთ, არა?” თქვა ტეროლტმა, მედიცინის პროფესორმა, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის გასტროენტეროლოგიისა და ღვიძლის დაავადებების ხელმძღვანელმა (ლოს ანჯელესი).

დიეტა და ვარჯიში

გასტროენტეროლოგიის პროფესიული საზოგადოებების უმეტესობა NAFLD-ის მართვის გაიდლაინში ხაზს უსვამს დიეტისა და რუტინული ფიზიკური აქტივობის აუცილებლობას. ცხოვრების სტილის ამგვარ მოდიფიკაციას შეუძლია გააუმჯობესოს NASH და ღვიძლის ფიბროზი, ასევე, შეამციროს პორტული ჰიპერტენზიის და ღვიძლის კიბოს რისკი. აბდელმალეკი თავის პაციენტებს ურჩევს კვირაში, მინიმუმ, 150 წუთის განმავლობაში ზომიერ, ან ენერგიულ აერობულ და/ან რეზისტენტულ ვარჯიშს. მას არ აინტერესებს ვარჯიშის ინტენსივობა, ან ტიპი და აღნიშნავს, რომ ის, რაც მას მიაჩნია „კარგად შესრულებულ ინტერვენციულ კვლევად“ 12 თვის განმავლობაში 220 პაციენტის მონაწილეობით, მივიდა დასკვნამდე, რომ ინტრაჰეპატური ტრიგლიცერიდების შემცველობის მნიშვნელოვანი შემცირება მიღწეულ იქნა როგორც ზომიერი, ისე ენერგიული ვარჯიშით.

„მოარგეთ ვარჯიში იმას,  თუ რისი გაკეთება შეუძლიათ პაციენტებს, რა სიამოვნებთ და რისი გაძლება შეუძლიათ,“  ურჩია მან.

ის განსაზღვრავს NAFLD-ის ყველა მოდიფიცირებად რისკის ფაქტორს, მათ შორის, არტერიულ ჰიპერტენზიას, შაქრიანი დიაბეტს, აბდომინურ სიმსუქნეს, მოწევას, ალკოჰოლის გადაჭარბებულ მიღებას, ძილის ობსტრუქციულ აპნოეს და დიდი რაოდენობით ცხიმებით, წითელი ხორცითა და ფრუქტოზით გაჯერებულ არაჯანსაღ დიეტას.

„პირველადი გზავნილი, რომელსაც მე ვაწვდი ჩემს დიეტით დაინტერესებულ პაციენტებს, არის: მე მინდა, რომ იპოვოთ თქვენთვის სწორი მიდგომა. არ არსებობს სწორი, ან არასწორი პასუხი. ჩემი ზოგიერთი პაციენტისთვის ეს არის პერიოდული შიმშილი და პირველი კვება შუადღის 2, ან 3 საათზე. სხვებისთვის ეს არის Weight Watchers-ის მიდგომა, ან ხმელთაშუა ზღვის დიეტა, ან დიეტა მაღალი ცილის შემცველობით. ჩემი მიდგომის მთავარი მიზანია ზედმეტი ნახშირწყლებისა და ცხიმებისგან თავის შეკავება და ამის მიღმა, თუ შევძლებ, წონის დაკლება კალორიების შეზღუდვის, ან პერიოდული შიმშილის საშუალებით. ვცდილობ, ეს ჩემი პაციენტების ინტერესებს მოვარგოთ. მათ ნამდვილად ვუგზავნი დიეტოლოგებს,“ განაცხადა გასტროენტეროლოგმა.

ნაჩვენებია, რომ 7%-10%-იანი წონის კლება იწვევს NASH-ის გაწოვას პაციენტების 64%-90%-ში. თუმცა, პაციენტების მხოლოდ 10%-ს, რომლებიც მოკლევადიან პერიოდში აღწევენ კლინიკურად მნიშვნელოვან წონის კლებას, შეუძლია შეინარჩუნოს ის [წონა] 1 წლის განმავლობაში, შესაბამისად, აუცილებელია მუდმივი მონიტორინგი.

ამჟამად NAFLD/NASH-ისთვის არ არსებობს FDA-ს მიერ დამტკიცებული თერაპია. დიეტისა და ვარჯიშის – ასევე, ყავის – გარდა არსებობს სიმსუქნის საწინააღმდეგო მედიკამენტური თერაპიის ვარიანტი, რომელიც დაახლოებით ისევე ეფექტურია, როგორც – ცხოვრების წესის მოდიფიკაცია და ბარიატრიული ქირურგია, რომელიც წარმოადგენს ძლიერ ეფექტურ მეთოდს.

ცოტა ხნის წინ ფრანგმა ქირურგებმა შეგვატყობინეს, რომ პროსპექტული, მონოცენტრული კვლევის თანახმად, NASH-ით დაავადებულ ძლიერი სიმსუქნის მქონე იმ 180 პაციენტის ხუთწლიანი დინამიკაში კონტროლის მიხედვით, რომლებსაც ჩაუტარდათ ბარიატრიული ოპერაცია, NASH უკუგანვითარება ღვიძლის ფიბროზის გაუარესების გარეშე, დაფიქსირდა შემთხვევათა 84%-ში. მართლაც, საწყის ეტაპზე მსუბუქი ფიბროზის მქონე პაციენტთა 63%-ს დინამიკაში დაკვირვებისას აღენიშნებოდა ფიბროზის სრული აღმოფხვრა ისევე, როგორც 46%-ს, რომელთაც ჰქონდათ უფრო მძიმე საწყისი სოლისებური ფიბროზი.

აბდელმალეკმა განაცხადა, რომ მის პრეზენტაციასთან დაკავშირებით ინტერესთა ფინანსური კონფლიქტი არ აღენიშნებოდა.