- By ქეთევან ძაგანია
- In სიახლეები
სიტაგლიპტინმა შეამცირა სიკვდილობა COVID-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა: ანა მარგიშვილი
რედაქტირებულია GAEM-ის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: Fewer Deaths in Hospitalized COVID Diabetes Patients on Sitagliptin
იტალიაში ჩატარებული რეტროსპექტული, ობზერვაციული ხასიათის, შემთხვევის კონტროლზე დაფუძნებული კვლევის თანახმად, COVID-19-ით ავადობის გამო ჰისპოტალიზებულ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სისხლში გლუკოზის დონის დამაქვეითებელ ერთ პრეპარატს, ორალურ დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4-ის (DPP-4) ინჰიბიტორს – სიტაგლიპტინს, სიკვდილის ალბათობა 77%-ით ნაკლები იყო შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებნდნენ ინსულინს.
სიტაგლიპტინით (იანუვია, Merck) მკურნალობა, ასევე, დაკავშირებულია ინტენსიური მოვლისა და მექანიკური ვენტილაციის საჭიროების სიხშირის არსებით და კლინიკურად მნიშვნელოვან დაქვეითებასთან იმ პაციენტებისგან განსხვავებით, რომლებიც იყენებდნენ ინსულინს – როგორც განაცხადეს სებასტიანო ბ. სოლერტემ (Sebastiano B. Solerte) მედიცინის დოქტორმა (MD), ფილოსოფიის დოქტორმა (PhD) და მისმა კოლეგებმა 29 სექტემბერს Diabetes Care-ის მიერ ონლაინ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებში.
ავტორები აცნობიერებენ, რომ კვლევის დიზაინიდან გამომდინარე, მიღებული შედეგი საბოლოოდ ვერ ჩაითვლება. ამ შეზღუდვის მიუხედავად, ” ვფიქრობთ, რომ სიტაგლიპტინის გამოყენების ცდა გონივრულია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე პაციენტებში, რომლებიც ჰოსპიტალიზდნენ COVID-ის დიაგნოზით,“ აღნიშნა განცხადებაში პაოლო ფიორინამ, MD-მ, PhD-მ, აღნიშნული კვლევის ხელმძღვანელმა.
მკვლევარების მიერ უახლოეს პერიოდში იგეგმება პროსპექტული, რანდომიზებული კვლევა, რათა დაადასტურონ SIDIACO (სიტაგლიპტინით მკურნალობის ეფექტი COVID-19-ით დაავადებულ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში) კვლევით, ჯამში, დაახლოებით, 170 პაციენტში სიტაგლიპტინის მკურნალობის ფონზე ნანახი სარგებელი.
”მე აღფრთოვანებული ვარ ჩვენი შედეგებით, ვინაიდან COVID-ით დაზარალებული შაქრიანი დიაბეტის მქონე მრავალი პაციენტისთვის ჯერ კიდევ მცირე თერაპიული არჩევანი გვაქვს“, ამბობს ფიორინო, ნეფროლოგი და შაქრიანი დიაბეტის მკვლევარი, აფილირებული ბოსტონის ბავშვთა ჰოსპიტალის ნეფროლოგიის დეპარტამენტთან და მილანის უნივერსიტეტთან.
ფიორინომ Medscape Medical News-ს ელ.ფოსტით განუცხადა, „ჩვენი მონაცემები სიტაგლიპტინს უკავშირდება, თუმცა გვჯერა, რომ ეს მთლიანად ჯგუფზე [DPP-ის ინჰიბიტორები] გავრცელდება.“
SARS-CoV-2 ვირუსი შესაძლოა დაუკავშირდეს DPP-4 რეცეპტორს
იტალიელთა ჯგუფი აღნიშნავს, რომ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, COVID-19-ით ავადობისას, დაკავშირებულია უფრო მძიმე გამოსავალთან და შაქრიანი დიაბეტის არსებობა ზრდის ვირუსთან ასოცირებულ სიკვდილობის რისკს, განსაკუთრებით, COVID-ის მძიმე მიმდინარეობის მქონე პაციენტებში.
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ისა და COVID-19-ის მქონე პაციენტებში სისხლში გლუკოზის დონის არასათანადო კონტროლი დაკავშირებულია საგრძნობლად მაღალ სიკვდილობასთან, უკეთესი მეტაბოლური კონტროლის მქონე მსგავს პაციენტებთან შედარებით.
მკვლევარებმა DPP-4-ის ინჰიბიტორის, როგორიცაა სიტაგლიპტინი, შესწავლა გადაწყვიტეს იმ მტკიცებულების საფუძველზე, რომ რესპირატორულ უჯრედებზე მოხვედრისას SARS-CoV-2 ვირუსი შესაძლოა დაუკავშირდეს DPP-4-ს.
„ჩვენ გადავწყვიტეთ სიტაგლიპტინის გამოყენება და შევაგროვეთ მონაცემები. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილობა მაღალია, აღნიშნული მედიკამენტი – უსაფრთხო, აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ, რომ მისი გამოყენების ხელის შემშლელი ფაქტორები არ გვქონდა,“ განმარტა ფიორინამ.
2020 წლის მარტსა და აპრილში, ჩრდილოეთ იტალიის შვიდ აკადემიურ ცენტრში აღრიხვაზე აიყვანეს 338 ზრდასრული ადამიანი დოკუმენტირებული შაქრიანი დიაბეტის (ტიპი 2) დიაგნოზით, რომელთაც ლაბორატორიულად დადასტურებული ჰქონდათ SARS-CoV-2 ინფექცია. ყველა პაციენტმა მიღებისას შეწყვიტა შაქრიანი დიაბეტის ჩვეული მკურნალობა, რის შემდგომაც ისინი იღებდნენ სიტაგლიპტინს ან ინსულინს (ინტრავენურად ან კანქვეშ) დამატებით სხვა სტანდარტულ მედიკამენტებთან ერთად, როგორც ჰოსპიტალიზაციის პერიოდში დიაბეტის ერთადერთ ინტერვენციას.
დარეგისტრირებული პაციენტების საშუალო ასაკი წარმოადგენდა 69 წელს (>90%-ის ასაკი იყო, მინიმუმ, 70 წელი). საკვლევი პირების საერთო რაოდენობის ორ მესამედზე მეტს მამაკაცები წარმოადგენდნენ, პაციენტებში შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობის საშუალო ხანგრძლივობა იყო, დაახლოებით, 9 წელი. აღნიშნულ პირებში სხეულის მასის ინდექსი, საშუალოდ, 30 კგ/მ2-ზე ნაკლები იყო, ხოლო აღრიცხვის საწყის ეტაპზე A1c-ის საშუალო მაჩვენებლი წარმოადგენდა 7.5%-ს.
კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა სიკვდილობის სიხშირის აღრიცხვა 30 დღის განმავლობაში. საერთო ჯამში, გარდაიცვალა სიტაგლიპტინით მკურნალობაზე მყოფი 31 პაციენტი (18%), ხოლო ინსულინით მკურნალობაზე მყოფი – 63 პაციენტი (37%). გამოვლენილი 19%-იანი აბსოლუტური სხვაობა სტატისტიკურად მნიშვნელოვანია და ითარგმნება როგორც შედარებითი რისკის 77%-ით დაქვეითება ასაკის, სქესის, თანმხლები დაავადებებისა და მიმდინარე მკურნალობის საბაზისო განსხვავებების კორექტირების შემდეგ.
ანალიზით დადგინდა 30 დღის სიკვდილობაზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ორი სხვა პარამეტრი. ასაკის ყოველ დამატებითი წელი სიკვდილობას ზრდიდა 7%-ით, ხოლო პაციენტებში გულსისხლძარღვთა დაავადების არსებობამ 2.5-ჯერ გაზარდა სიკვდილობის მაჩვენებელი.
მონაცემებმა ასევე აჩვენა, რომ, ინსულინით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებთან შედარებით (P=.03), სიტაგლიპტინით მკურნალობაზე მყოფი პაციენტები, თითქმის, 50%-ით ნაკლებად საჭიროებდნენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU) მოთავსებას, ასევე, მათში მექანიკური ვენტილაციის აუცილებლობა 73%-ით მცირე იყო, ვიდრე ინსულინით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში (P=.03).
პაციენტების სიხშირე კლინიკური სიმძიმის მაჩვნებლელში ორქულიანი ან მეტი გაუმჯობესებით წარმოადგენდა 52%-ს სიტაგლიპტინის, ხოლო 34%-ს – ინსულინის შემთხვევაში.
მკვლევარების მიერ, ასევე, ჩატარდა ოთხი ქვეჯგუფის ანალიზი, რომელმაც აჩვენა, რომ სიტაგლიპტინის გავლენა იყო მყარი, ასაკის (≥70 წელი < 70 წელზე) , სქესის, A1c-ის საწყისი დონის (≤ 7,5% vs >7,5%), ან სხეულის მასის ინდექსის (ნორმა ან სიმსუქნე) მიუხედავად.
ავტორებმა სიტაგლიპტინით მკურნალობის სარგებელთან დაკავშირებით შემოგვთავაზეს სამი შესაძლო ძირითადი განმარტება:
- სიტაგლიპტინის უჯრედის ზედაპირებზე არსებულ DPP-4 ცილასთან დაკავშირებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს აღნიშნული ცილების დაკავშირებას SARS-CoV-2 ვირუსთან.
- სიტაგლიპტინმა შესაძლებელია მოახდინოს ანთების საწინააღმდეგო და იმუნორეგულაციური ეფექტები, როგორიცაა გადაჭარბებული და გახანგრძლივებული ციტოკინური პასუხის დათრგუნვა.
- სიტაგლიპტინი აუმჯობესებს გლიკომეტაბოლურ კონტროლს, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს COVID-19 ინფექციის კლინიკური პროგრესირების დარეგულირებას.
ისევე, როგორც პროსპექტული, რანდომიზებული კლვევა არის დაგეგმილი შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ისა და მძიმე ფორმით მიმდინარე COVID-19-ის ავადობის შემთხვევაში, მკვლევარების მიერ COVID-19-ის სამკურნალოდ შემოთავაზებულია სიტაგლიპტინის ტესტირება შაქრიანი დიაბეტის არმქონე პაციენტებში.
კვლევას არ აქვს მიღებული კომერციული დაფინანსება. სოლერტე, ფიორინა და მათი მკვლევარები უარყოფენ შესაბამის ფინანსურ დაინტერესებას.
Diabetes Care. გამოქვეყნებულია 2020 წლის 29 სექტემბერს.