სიმსუქნე, როგორც COVID 19-ით გამოწვეული პნევმონიის უდიდესი რისკი, ასაკისა და სქესის შემდეგ
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა თამთა შარაძემ
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: მედეა წერეთელი, ნათია ვაშაყმაძე
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულ კოვიდ 19-ით ინფიცირებულ პაციენტებზე ჩატარებული საერთაშორისო კვლევის თანახმად, სხეულის მასის ინდექსის (BMI) ზრდასთან ერთად, დიაბეტის, ჰიპერტენზიის, დისლიპიდემიისა და მწეველობის მიუხედავად, მძიმე პნევმონიის განვითარების შანსი (ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის საჭიროებით) პირდაპირპროპორციულად იზრდებოდა.
ძირითადი შედეგი იყო ხაზოვანი კორელაცია სხეულის მასის ინდექსსა და ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას შორის, ასაკის, სქესისა და სხვა მეტაბოლური რისკების გათანაბრების შემდეგ.
ლილეს უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორის – ფრანსუა პატუს განცხადებით, „ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს ხანშიშესულები და მამაკაცები წარმოადგენენ, თუმცა პნევმონიის განვითარების შემდგომი რისკის ფაქტორი სიმსუქნეა.“ სწორედ პატუმ წარმოადგინა კვლევის შედეგები „Obesity Week“-ის შეხვედრაზე. დასკვნა ასევე გამოქვეყნდა სამედიცინო ჟურნალ – „The Lancet“-ში (ლანცეტი).
პატუმ და მისმა კოლეგებმა აპრილში შეგვატყობინეს, რომ სიმსუქნე ერთ-ერთ ყველაზე დიდ რისკის ფაქტორს წარმოადგენს კოვიდ 19-ის გართულებებისას, განსაკუთრებით, ახალგაზრდა პაციენტებში. ამ ორი ფაქტორის უშუალო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოგვიანებით ჩატარებულმა საერთაშორისო მულტიცენტრულმა კოჰორტულმა კვლევებმაც დაადასტურა.
„კვლევაში ჩართულმა პაციენტებმა საშუალება მოგვცეს, გავრკვეულიყავით მეტაბოლურ კოფაქტორებში, რომ სიმსუქნე, და არა დიაბეტი ან ჰიპერტენზია, არის მძიმე პნევმონიის პროვოცირების მთავარი ფაქტორი (ასაკის და სქესის შემდეგ).“ – აცხადებს პატუ.
საყურადღებოა, რომ სიმსუქნის მავნე ზეგავლენა, ანუ კოვიდ 19-ის პნევმონიით გართულება, უფრო მეტად 50 წლამდე ასაკის სიმსუქნით დაავადებულ ქალებში დაფიქსირდა.
გამოხატული სიმსუქნის მქონე პაციენტები საკუთარ თავს უნდა გაუფრთხილდნენ
კვლევის შედეგად აღმოჩენილ იქნა ინტენსიურ განყოფილებაში მყოფი პაციენტების სიკვდილობასთან დაკავშირებული „სიმსუქნის პარადოქსი“.
ეს გულისხმობს: გამხდარ პაციენტებთან (BMI<25) შედარებით; გამოხატული სიმსუქნის მქონე პაციენტებს (BMI ≥ 40) აღენიშნებოდათ სიკვდილობის მომატებული რისკი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებიდან 28 დღის განმავლობაში, ხოლო საშუალო სიმსუქნის პაციენტებში (BMI 25-39.9 კგ/მ2) ლეტალური გამოსავლის რისკი ნაკლები იყო, ვიდრე გამოხატული სიმსუქნის მქონე პაციენტებთან.
მეორე მნიშვნელოვანი მიგნება ამ კვლევის ფარგლებში გახლავთ ის, რომ გამოიკვეთა არა-ხაზოვანი კავშირი BMI-სა და ინტენსიურ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების ყველა მიზეზით სიკვდილობას შორის, – განაცხადა პატუმ.
ამასთან, მედიცინის დოქტორის, მატეო როტოლის განცხადებით, ივლისში წარმოებულმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ სიმსუქნე პაციენტის ინტენსიურ განყოფილებაში მოხვედრისა და ლეტალური შედეგის შემთხვევებში დამოუკიდებელი რისკის ფაქტორია.
როტოლიმ და მისმა კოლეგებმა, ბოლონიის უნივერსიტეტიდან აღმოაჩინეს, რომ იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომელთა BMI > 35კგ/მ2, აღენიშნებოდათ სიკვდილობის მაღალი რისკი.
შედეგად, ჩატარებული კვლევების საფუძველზე, როტოლიმ დაასკვნა, რომ სიმსუქნე კორონავირუსით დაავადებული პაციენტების ლეტალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორია. სწორედ ამიტომ, ასეთმა პაციენტებმა უნდა გამოიჩინონ უფრო მეტი სიფრთხილე და დაიცვან სოციალური დისტანცია.
როტოლის კვლევას ერთმნიშვნელოვნად ეთანხმება პატუ.
მისი აზრით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, მედიკოსებმა ბევრი რამ შეიტყვეს კოვიდ 19-თან ასოცირებულ პნევმონიასთან დაკავშირებით. მაგალითად, რომ არ უნდა იჩქარონ ინტუბაცია და გამოიყენონ კორტიკოსტეროიდები.
„უდავოა, რომ ინფექციასთან ბრძოლის მექანიზმები დაიხვეწა მოსახლეობაშიც. ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ გამოხატული სიმსუქნის ადამიანები თავის დაცვის დამატებით საშუალებებს გამოიყენებენ, რაც ხელს შეუშლის ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევებს“ – აცხადებს პატუ.
BMI-ის განცალკავება სხვა მეტაბოლური დარღვევების რისკის ფაქტორებისგან
პატუს განცხადებით, 2019 წლის 16 დეკემბრიდან 2020 წლის 1 ნოემბრამდე გამოვლენილია 45 მილიონზე მეტი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევა, რომელთაგან 1.2-ზე მეტი ლეტალურად დასრულდა.
მრავალი კვლევა ცხადჰყოფს, რომ სიმსუქნით დაავადებული კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტები, სხვებისგან განსხვავებით, დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან, რაც გულისხმობს მათ ჰოსპიტალიზაციას ინტენსიურ განყოფილებაში და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის პროცედურას. თუმცა, აქამდე ცნობილი არ იყო, რომ BMI დამოუკიდებელ რისკფაქტორს წარმოადგენდა.
პატუმ და მისმა კოლეგებმა დაიწყეს კვლევა, თუ რა კავშირია BMI-სა და კოვიდ 19-ის პნევმონიით გართულებას შორის, რაშიც იგულისხმება ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აუცილებლობა და 28 დღის განმავლობაში, ინტენსიურ განყოფილებაში მყოფი პაციენტების სიკვდილობა.
მეცნიერებმა მიზნად დაისახეს, BMI გამოეცალკევებინათ სხვა მეტაბოლური დარღვევებისგან (დიაბეტი, ჰიპერტონია, დისლიპიდემია და მწეველობა) და დამოუკიდებლად შეესწავლათ ასაკისა და სქესის გავლენა ვირუსზე.
შემოწმებულ იქნა 1461 კოვიდ 19-ით ინფიცირებულის რეტროსპექტრული ანალიზი (დადებითი PCR ტესტი, რომელიც დადგინდა ცხვირიდან ან ყელიდან აღებული ნაცხის საფუძველზე), რომლებიც მოთავსებულნი იყვნენ ინტენსიურ განყოფილებაში (21 ცენტრში) 2020 წლის 19 თებერვლიდან 22 მაისის ჩათვლით.
კვლევაში მონაწილე ცენტრები განთავსებული იყო საფრანგეთში (13), იტალიაში (3), აშშ-ში (2), ისრაელში (1), ბელგიაში (1) და ესპანეთში (1).
გამოკვლევაში ჩართული პაციენტების სამ მეოთხედს მამაკაცები შეადგენდნენ (73%), რომელთა საშუალო ასაკი 64 წელი იყო და საშუალო BMI-28,1 კგ/მ2-ს. პაციენტების ნახევარი ავადობდა არტერიული ჰიპერტენზიით (52%), დიაბეტით (29%), ჰიპერლიპიდემიით (29%), ხოლო 6,5%-ი აქტიური მწეველი იყო.
პაციენტების სრული რაოდენობის, თითქმის, სამი მეოთხედი (74 %) საჭიროებდა ფილტვების ინვაზიურ ვენტილაციას, ხოლო 36% გარდაიცვალა ინტენსიურ თერაპიაში, 28 დღის განმავლობაში.
გაირკვა, რომ BMI-ს ყოველი 5 კგ/მ2 -ით გაზრდა დაკავშირებული იყო ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის საჭიროების 27%-ით გაზრდასთან, რაც 50 წელს ქვემოთ მყოფი ქალების 65 %-ში დაფიქსირდა.
მამრობითი სქესის შემთხვევაში ხელოვნური ვენტილაციის საჭიროების რისკი 82%-ით, ხოლო ასაკის ყოველი 10 წლის მატებასთან ერთად 17%-ით იზრდებოდა .ჰიპერტენზიის, დიაბეტის, ჰიპერლიპიდემიისა და მწეველობის რისკის ფაქტორებისგან დამოუკიდებლად.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ასაკისა და სქესის შემდეგ, სწორედ მე-3 ხარისხის (BMI>40) სიმსუქნესთან იყო დაკავშირებული სიკვდილობის გაზრდა – 68%-მდე, ნორმალური წონის პაციენტებთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ ყველა სამედიცინო ცენტრში შედეგები, ფაქტობრივად, იდენტური იყო.
„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს არის პირველი საერთაშორისო მცდელობა, დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი BMI-სა და ინტენსიურ განყოფილებაში მოთავსებულ კოვიდ 19-ით ინფიცირებულ პაციენტებს შორის“ – აცხადებენ კვლევაში ჩართული მედიკოსები.
მათ ასევე დაასკვნეს, რომ „არსებული ცნობები უფრო მიზნობრივად და ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ კოვიდ 19-ის გართულებების რისკის ჯგუფებისთვის, რათა ინტენსიური თერაპიის რესურსი რეალურად შემცირდეს მსოფლიო მასშტაბით“.
წყარო: Obesity Biggest Risk for COVID-19 Pneumonia, After Age, Male Sex