რა არის LADA და როგორ ვუმკურნალოთ მას?

რა არის LADA და როგორ ვუმკურნალოთ მას?

სტატია ქართულ ენაზე თარგმნა: ნინო გუჯაბიძე
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: What is LADA and How Should We Treat It?

ენი ლ. პიტერსი, მედიცინის დოქტორი (Anne L. Peters, MD)

დღეს ვაპირებ განვიხილო LADA, ანუ ლატენტური აუტოიმუნური დიაბეტი ზრდასრულებში, ეს საკითხი ჩემთვის ძალიან დამაბნეველია. არ ვიცი როგორია მისი ზუსტი განსაზღვრება. ამერიკის დიაბეტის ასოციაციამ (ADA) არ იცის როგორ განმარტოს ის, არავინ იცის. და მაინც, ადამიანების ჯგუფმა მსოფლიოს გარშემო ჟურნალ Diabetes-ში გამოაქვეყნა შეჯერებული სტატია LADA-ს შესახებ.

აღნიშნული სტატია განმარტავს LADA-ს და გვიყვება როგორ ვმართოთ ის. მე მას ბოლომდე არ ვეთანხმები, თუმცა ვფიქრობ, კარგი დასაწყისია. ჯერ განვიხილოთ რას ამბობენ ისინი და შემდეგ გეტყვით რას ვფიქრობ მე.

LADA-ს განმარტება

ავტორები ამბობენ, რომ LADA არის ზრდასრულებში დაწყებული დიაბეტი, რომელიც გამოირჩევა საერთო მახასიათებლების არსებობით ტიპი 1 და ტიპი 2 შაქრიან დიაბეტთან. ისინი აღნიშნავენ, რომ LADA-ს მქონე პაციენტები ემსგავსებიან შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ის მქონე პაციენტებს იმით, რომ არ საჭიროებენ საწყის ეპატზე ინსულინით მკურნალობას, თუმცა მათ აქვთ იმუნოგენური მარკერები, რომელიც ასოცირებულია ტიპი 1 შაქრიან დიაბეტთან. პირველ რიგში, ეს არის ანტი-GAD ანტისხეულები. ავტორების თქმით,  LADA გვხვდება ზრდასრულებში დაწყებული დიაბეტის 2-12%-ში. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისინი ვარაუდობენ, რომ ამ ინდივიდების მართვისას, უნდა გადავუხვიოთ სტანდარტული მკურნალობის გაიდლაინიდან და ვუმკურნალოთ მათ C-პეპტიდის დონის ცვლილების მიხედვით.

მოცემული ცხრილი, „LADA-ს ფართო მახასიათებლები,“ განმარტავს LADA-ს ძირითად მახასიათებლებს:

  • დაწყების ასაკი > 30 წელი
  • აუტოიმუნურობის ოჯახური ან პერსონალური ისტორია
  • მეტაბოლური სინდრომის დაქვეითებული სიხშირე ჩამოყალიბებული შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ის მქონე პაციენტებთან შედარებით: უფრო დაბალი HOMA, უფრო დაბალი სხეულის მასის ინდექსი, უფრო დაბალი სისხლის წნევა, ნორმალური HDL შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ის მქონე პაციენტებთან შედარებით
  • LADA-ს მქონე პაციენტებსა და შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ის მქონე პაციენტებს შორის კარდიოვასკულარულ გამოსავალში დაავადება-სპეციფიკური განსხვავება არ გამოვლინდა
  • C-პეპტიდის დონე ქვეითდება უფრო ნელა, ვიდრე შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 1-ის მქონე პაციენტებში
  • პოზიტიური ანტი-GAD ანტისხეულების არის ყველაზე მგრძნობიარე მარკერი, თუმცა შესაძლოა გამოვლინდეს სხვა ანტისხეულები, შედარებით მცირე სიხშირით
  • არ მოითხოვს ინსულინით მკურნალობას საწყის ეტაპზე

როგორ ვუმკურნალოთ მას?

C-პეპტიდის დონეზე დაყრდნობით, ავტორები განმარტავენ LADA-ს 3 კატეგორიას. პირველი დონე მოიცავს ადამიანებს, რომლეტა მდგომარეობა ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების მსგავსია. მესამე დონე მოიცავს მათ, რომლებთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების მსგავსია, ხოლო დანარჩენები არიან მათ შუაში.

პირველი კატეგორია განისაზღვრება C-პეპტიდის დონით < 0,3 ნმოლ/ლ, ასეთი პაციენტების მართვა ხდება ინტენსიური ინსულინოთერაპიით.

მეორე კატეგორია მოიაზრებს ინდივიდებს C-პეპტიდის დონით ≥ 0,3 და ≤ 0,7 ნმოლ/ლ. ეს ინდივიდები ექცევიან ნაცრისფერ ზონაში, რაც ნიშნავს, რომ მათ შეიძლება დასჭირდეთ ინსულინი, შეიძლება – არა, თუმცა მეტი დაკვირვება სჭირდებათ, რადგან აღენიშნებათ ანტისხეულები და დაბალი C-პეპტიდის დონე. ავტორები რეკომენდაციას გვაძლევენ გამოვიყენოთ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ის მკურნალობის მოდიფიცირებული ADA/EASD ალგორითმი, იმ სიფრთხილის გამოჩენით, რომ ბეტა უჯრედების მოდულაციაში დახმარებისთვის, შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინოთერაპიის დაწყება უფრო ადრე, რათა თავიდან ავიცილოთ უკმარისობა და შევზღუდოთ დიაბეტის გართულებები.

მესამე კატეგორიაში, სადაც C-პეპტიდის დონე 0,7 ნმოლ/ლ-ზე მეტია, ავტორები გვირჩევენ განსხვავებულ მოდიფიცირებულ ADA/EASD ალგორითმს, რომლის მიხედვით, მკურნალობის მოსარგებად საჭიროა C-პეპტიდის დონის კონტროლი.

LADA-ს მქონე პაციენტთა მკურნალობის თვალსაზრისით, მე არ ვაპირებ მათი ყველა ალგორითმის გათვალისწინებას, თუმცა აქ მოცემულია მთავარი საფუძვლები: უნდა გახსოვდეს, რომ ისინი აუტოიმუნურობის დამადასტურებელი მტკიცებულების და C-პეპტიდის ცვლადი დონის მქონე პაციენტები არიან. თუ პაციენტი არ პასუხობს შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ის მკურნალობას, უნდა გამოიყენო ინსულინი. ინსულინის გამოყენება უნდა მოხდეს უფრო ადრე, რადგან თქვენთვის, როგორც კლინიცისტებისთვის, ცნობილია, რომ აღნიშნულ პაციენტებს აქვთ შედარებითი ინსულინის დეფიციტი.

ალგორითმები რეკომენდაციას არ უწევს სულფანილშარდოვანას რეაგენტების გამოყენებას, რადგან თვლიან, რომ ეს გაანადგურებს პაციენტის ბეტა უჯრედებს, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს დამყარებულია სარწმუნო კვლევებზე. ალგორითმი, ასევე, მოგვიწოდებს სიფრთხილისკენ SGLT2 ინჰიბიტორების გამოყენებისას, რადგან პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 1-ის მქონე ადამიანების მსგავსია, შეიძლება გაიზარდოს დიაბეტური კეტოაციდოზის განვითარების რისკი.

ბოლოს, მაღალი C-პეპტიდის დონის მქონე პაციენტებისთვის, რომელთა მდგომარეობა შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 1-ის მქონე ადამიანების მსგავსია, მკურნალობის ტიპის განსასაზღვრად, გვირჩევენ C-პეპტიდის დონის მონიტორინგს. აღნიშნული არ არის დამყარებული რაიმე რეალურ მონაცემებზე. ეს აქამდე არავის გაუკეთებია.

ჩემი აზრი

არ ვიცი სრულად ვეთანხმები თუ არა ამ ყველაფერს. ჩვენ კლინიკურად მივყვებით პაციენტებს და ვაკვირდებით მათ საპასუხო რეაქციას სხვადასხვა თერაპიაზე. თუმცა ეს კარგი დასაწყისია, რადგან ეს არის LADA-ს განმარტები კარკასის შექმნის დასაწყისი. ეს არის მკურნალობის პარადიგმის შედგენის საწყისი პაციენტების ნარჩენი ბეტა-უჯრედების ფუნქციაზე დაყრდნობით.

მე ვფიქრობ, ეს წინ უძღვის ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას, თუმცა, ყოველ შემთხვევაში, ეს არის LADA-ს განმარტების ჩამოყალიბების დასაწყისი.  

ენი ლ. პიტერსი (Anne. L. Peters) არის სამხრეთ კალიფორნიის სამედიცინო უნივერსიტეტის (USC) მედიცინის დოქტორი და კლინიკური კვლევების დირექტორი, 200ზე მეტი სტატიის, მიმოხილვის და აბსტრაქტის, დიაბეტის შესახებ სამი წიგნის ავტორი და 40-ზე მეტი კლინიკური კვლევის მკვლევარი. ის სიტყვით გამოვიდა 400-ზე მეტ საერთაშორისო პროგრამაზე და მოღვაწეობს რამდენიმე პროფესიულ ორგანიზაციის კომიტეტში.