პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი დაკავშირებულია მენოპაუზის შემდგომ კარდიოვასკულარული  დაავადებების რისკის ზრდასთან

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი დაკავშირებულია მენოპაუზის შემდგომ კარდიოვასკულარული დაავადებების რისკის ზრდასთან

სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: ნესტან ბოსტოღანაშვილი
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯუფის მიერ: მედეა წერეთელი, ქეთევან ძაგანია
წყარო : CPCOS tied to risk for cardiovascular disease after menopause

მენოპაუზამდე გამოვლენილი პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის (PCOS) მქონე ქალებში მენოპაუზის შემდგომ ინსულტის, მიოკარდიუმის ინფარქტისა და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების მაღალი რისკი არსებობს. კვლევა, რომელიც ამ მონაცემებს შეიცავს, პირველად გასული წლის 17 ოქტომბერს, რეპროდუქციული მედიცინის ამერიკული ასოციაციის (ASRM) 2020 წლის ვირტუალურ სამეცნიერო კონგრესზე გახდა ცნობილი.

„ჩვენ დავადგინეთ, რომ მენოპაუზამდე გამოვლენილი პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი პირდაპირ კავშირშია მენოპაუზის შემდგომ გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის 64%-ით ზრდასთან – ასაკის, რასის, სხეულის მასის ინდექსისა და თამბაქოს მოხმარებისაგან დამოუკიდებლად,“ მოახსენა დამსწრეებს ჯეიქობ ქრისთმა (Jacob Christ), მედიცინის დოქტორმა (MD), ვაშინგტონის უნივერსიტეტის რეზიდენტმა (სიეტლი). „ერთად აღებული, ჩვენი შედეგები მოწმობს, რომ PCOS-ის მქონე ქალებს საწყის ეტაპზე აქვთ მომავალში კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარების მეტი რისკი და მენოპაუზამდე არსებული PCOS-ის დიაგნოზი დაკავშირებულია კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარევის მომატებულ რისკებთან მენოპაუზის შემდგომ პერიოდში.“

„ეს შედეგები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ იმ პაციენტებთან მიმართებაში, რომლებიც,  დაორსულების მიზნით, გადიან შესაბამის მკურნალობას“, – განაცხადა ამანდა ქალენმა (Amanda N. Kallen), MD-მ, იელის სამედიცინო ცენტრის (ჰავენი, კონექტიკუტი) ასისტენტ-პროფესორმა რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიისა და უნაყოფობის დარგში. „ჩვენ, რეპროდუქციული დარგის სპეციალისტები, ხშირად ვხვდებით PCOS-ის მქონე პაციენტებს, რომლებიც მოგვმართავენ ჩასახვის პრობლემით, თუმცა ოჯახის დაგეგმარების შემდეგ უკვე აღარ ბრუნდებიან ჩვენთან,“- ამბობს ექიმი ქალენი, რომელიც არ იყო ჩართული აღნიშნულ კვლევაში.

ამ შესანიშნავმა მოხსენებამ ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენგან, რეპროდუქტოლოგი ენდოკრინოლოგებისაგან, PCOS-ის მქონე პაციენტებთან მუდმივი საუბარი სინდრომის თანმხლებ გრძელვადიან კარდიოვასკულარულ რისკებზე და იმის ხაზგასმა, რომ ეს რისკები რეპროდუქციული ასაკის დასრულებიდან ხანგრძლივი პერიოდის შემდეგაც არსებობს,“ აღნიშნავს ქალენი Medscape Medical News-სთან საუბრისას

მაღალი რისკის მქონე ქალთა გამოვლენა

უკვე კარგად არის შესწავლილი ზრდასრული ასაკის PCOS-ის თავისებურებები, როგორიცაა: ჰიპერანდროგენიზმი, აკნე, არარეგულარული მენსტრუალური სისხლდენა, მენარქეს სხვადასხვა ასაკი, აღნიშნავს ქრისთი. რეპროდუქციული ასაკის ქალებში აღნიშნულ დაავადება, ასევე,  დაკავშირებულია საშვილოსნოდან პათოლოგიურ სისხლდენასთან, ჰირსუტიზმთან, უნაყოფობასთან, დისლიპიდემიასთან, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევასთან, გესტაციურ დიაბეტსა და პრეეკლამფსიასთან.

„ამ ეტაპზე გაურკვეველია რამდენად წარმოადგენს რეპროდუქციულ ასაკში გამოვლენილი  საწყისი კარდიომეტაბოლური დისფუნქცია მენოპაუზის შემდგომი გულსისხლძარღვთა დაავადების წინაპირობას,“ აღნიშნა ქრისთმა. „PCOS-ის მქონე ქალებში მენოპაუზის მიერ გამოწვეულმა ცვლილებებმა შესაძლოა შეამციროს გულსისხლძარღვთა დაავადების რისკი, რადგან მენოპაუზის დროს მცირდება ანდროგენების დონე. უფრო მეტიც, PCOS-ის მქონე პაციენტებში საკვერცხეების დაბერების პროცესი შეიძლება გახანგრძლივდეს, ამან გულსისხლძარღვთა დაავადების წინააღმდეგ შესაძლებელია შეასრულოს ერთგვარი დამცველობითი ფუნქცია.“

კვლევის გაღრმავების მიზნით, მკვლევარებმა  ჩაატარეს ქალთა ჯანმრთელობის ეროვნული  პროსპექტული, კოჰორტული კვლევის (SWAN – Study of Women’s Health Across the Nation) მეორადი ანალიზი. კვლევის საწყისში ჩართულ ქალთა ასაკი 42-დან 52-მდე მერყეობდა, ჰქონდათ საშვილოსნო და, მინიმუმ, 1 საკვერცხე, ბოლო მენსტრუალური ციკლი დაუფიქსირდათ უკანასკნელი 3 თვის პერიოდში. პაციენტებში PCOS-ის დიაგნოზი დაისვა როგორც ბიოქიმიური ჰიპერანდროგენიზმის, ასევე ანამნეზში არარეგულარული მენსტრუალური ციკლის საფუძველზე.

მკვლევარებმა მეორად კვლევებში ჩართეს ის მონაწილეები, რომელთა საბაზისო მენსტრუალური სტატუსისა და  საერთო ტესტოსტერონის დონის შესახებ ჰქონდათ სრული ინფორმაცია; მათ ასევე ჩატარებული ჰქონდათ მენოპაუზის შემდგომი ერთი საკონტროლო ვიზიტი მაინც. პაციენტებში მენოპაუზა, საშუალოდ, 51 წლის ასაკში დადგა (ან კვლევის დაწყებიდან 1 წელიწადში, თუ კვლევაში ჩართვისას მონაწილე იყო 51 წლის). საკონტროლო ვიზიტზე კვლევის მონაწილეებმა დაასახელეს მენოპაუზის შემდგომ გამოვლენილი სხვადასხვა კარდიოვასკულარული დაავადების ნიშნები.

კვლევის პირველადი შედეგს წარმოადგენდა მენოპაუზის შემდგომ გამოვლენილი პირველი კარდიოვასკულარული მოვლენები. მათ შორის არის: მიოკარდიუმის ინფარქტი, ცერებროვასკულარული მოვლენები ან ინსულტი, სტენოკარდია, პერკუტანეული კორონარული ინტერვენცია ან ანგიოპლასტიკა, კორონარულ არტერიათა შუნტირება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, პროცედურები საძილე არტერიებზე, პერიფერიული არტერიების დაავადება, პროცედურა ქვემო კიდურებზე, პროცედურა თირკმლის არტერიაზე, ღრმა ვენური თრომბოზი, პულმონარული ემბოლიზმი და მუცლის აორტის ანევრიზმა.

კვლევაში მონაწილე 1340 ქალიდან მხოლოდ 174-ს (13%) ჰქონდა პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი, 1166-ს კი – არა. პაციენტთა სკრინინგში ჩართვის და მენოპაუზის დადგომის საშუალო ასაკი ჯგუფებს შორის მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა, თუმცა ისინი განსხვავდებოდნენ სხვა ძირითადი მახასიათებლებით.

PCOS-ის მქონე ქალების მეტი ნაწილი ეწეოდა სიგარეტს (22%), იმ ქალებთან შედარებით, რომლებსაც აღნიშნული სინდრომი არ ჰქონდათ (12.7%). ასევე PCOS-ის მქონე ქალების საშუალო სხეულის მასის ინდექსი 31.3 კგ/მ2 იყო, დანარჩენებისა კი – 26.7 კგ/მ2. ამასთან, PCOS-ის მქონე პაციენტთა სისტოლური წნევის საშუალო მაჩვენებელიც უფრო მაღალი იყო – 120.7 მმვს, დანარჩენების – 115.8 მმვს, ასევე, PCOS-ით დაავადებულთა საერთო ქოლესტეროლისა (202 მგ/ დლ vs 192 მგ/დლ) და უზმოდ გლუკოზის საშუალო მაჩვენებელიც უფრო მაღალი ჰქონდათ (103.7 მგ/დლ vs 89.2 მგ/დლ; P < .01 ყველასთვის).

კვლევაში ჩართვისას ასაკის, რასის, სხეულის მასის ინდექსისა და თამბაქოს მოხმარების სტატუსის შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის მქონე ქალებს კარდიოვასკულარული მოვლენების გამოვლენის 1.6-ჯერ მაღალი ალბათობა აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც არ აქვს PCOS (ალბათობის თანაფარდობა [OR],1.6;P=029). ამასთან, PCOS-ის მქონე ქალებს აღმოაჩნდათ ათეროსკლეროზული გულსისხლძარღვთა დაავადების გამოვლენის უფრო მაღალი რისკი (P=024), თუმცა ფრემინგემის შკალით გამოთვლილი მათი 10-წლიანი რისკის ქულა მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა იმ ქალების რისკის ქულებისგან, რომელთაც არ აქვთ PCOS.

მართალია, აღნიშნული შედეგები სამედიცინო საზოგადოებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ კვლევა ღირებულია მისი მასშტაბის, პროსპექტული მონაცემების შეგროვებისა და სკრუპულოზური მეთოდების გამოყენების თვალსაზრისით, – აღნიშნა ჯინი რაიანმა (Ginny Ryan), MD-მ, სამედიცინო ასისტენტმა, პროფესორმა და რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიისა და უნაყოფობის ცენტრის ხელმძღვანელმა ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში (სიეტლი).

„კვლევის კრიტერიუმი PCOS-ის მქონე იმ პირებს ავლენდა, რომელთაც სინდრომის მწვავე ფენოტიპი  და შესაბამისად, კარდიოვასკულარული დაავადების გამოვლენის  უფრო მაღალი რისკი ჰქონდათ. ქალთა ჯანმრთელობის უზრუნველმყოფმა პირებმა კარგად უნდა გაიაზრონ სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის რამდენად მნიშვნელოვანია სიცოცხლისთვის საშიში კავშირების გამოვლენა PCOS-ის მქონე პირებში,“ აღნიშნა Medscape Medical News-სთან საუბრისას ექიმმა რაიანმა.

„ეს კვლევა ხაზს უსვამს PCOS-ის მენოპაუზამდე გამოვლენის აუცილებლობას არა მხოლოდ პაციენტის კეთილდღეობისთვის, არამედ იმისთვის, რომ სწორი კონსულტაციითა და გადამისამართებით  ასეთ პაციენტებში მოვახდინოთ კარდიოვასკულარული დაავადებისა და მასთან დაკავშირებული ავადობისა და სიკვდილობის პირველადი, მეორეული და მეოთხეული პრევენცია,“ ამბობს რაიანი. „ამრიგად, რეპროდუქციული ჯანმრთელობის დარგსა და რეპროდუქციული ასაკის ქალებთან მომუშავე სპეციალისტებს აქვთ საშუალება ითამაშონ გადამწყვეტი როლი  მათი პაციენტების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.“

გარდა იმისა, რომ აღნიშნული კვლევა  პროსპექტული კოჰორტული ხასიათისაა და მისი მიმდინარეობა ორ ათწლეულზე მეტია, კვლევა ღირებულია იმითაც, რომ იგი საზღვრავს მენოპაუზამდე  PCOS-სა და მენოპაუზის შემდგომი კარდიოვასკულარული დაავადების მრავალ მარკერს, ამბობს ქრისთი. კვლევის ძირითად სუსტ მხარეებს წარმოადგენს მსუბუქი PCOS-ის გამორიცხვა, კარდიოვასკულარული მოვლენების თვითაღრიცხვა და მენოპაუზის განსაზღვრის რამდენიმე განსხვავებული ვერსია.

ქრისთს და რაიანს სტატიასთან ფინანსური კავშირი არ აქვთ.

ASRM. 2020 სამეცნიერო კონგრესი. აბსტრაქტი O-35.