კაკაო: D ვიტამინის გემრიელი წყარო
ბევრი ადამიანი ვერ იღებს D ვიტამინის საკმარის რაოდენობას. D ვიტამინის დეფიციტის/უკმარისობის შედეგი შეიძლება იყოს ძვლების სიმყიფე ანუ ადვილად მტვრევადობა და სასუნთქი გზების დაავადებების განვითარების მომატებული რისკი. მკვლევართა ჯგუფმა, მარტინ ლუთერის სახელობის უნივერსიტეტიდან და მაქს რუბნერის ინსტიტუტიდან, გამოყო ახალი, ადრე უცნობი, D2 ვიტამინის წყარო: კაკაოსა და კაკაოს შემცველ პროდუქტებში ნანახია საკმაო რაოდენობით აღნიშნული ნუტრიენტი. მკვლევართა აზრით, კაკაოს კარაქი და შავი შოკოლადი გამოირჩევა D2 ვიტამინის ყველაზე მაღალი შემცველობით. მათ ახლახან გამოაქვეყნეს კვლევის შედეგები ჟურნალში „Food Chemistry“ (კვების ქიმია).
D ვიტამინი მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისთვის. არსებობს ორი ტიპის D ვიტამინი: D2 და D3. D3 ვიტამინი წარმოიქმნება კანში მზის სხივების ზემოქმედების შედეგად. ადამიანები D ვიტამინის 90%–ს სწორედ ამ გზით იღებენ. ხოლო დანარჩენი მიიღება საკვებით, მაგ., ცხიმიანი თევზი და ქათმის კვერცხი. D2 ვიტამინი, რომელიც, ასევე, გამოიყენება ადამიანის ორგანიზმის მიერ, ნაპოვნია სოკოებშიც. „ბევრი ადამიანი ვერ იღებს D ვიტამინის საკმარის რაოდენობას. პრობლემა იზრდება ზამთრის თვეებში, როცა მზის სხივების ნაკლებობაა“, ამბობს ნუტრიციოლოგი პროფესორი გაბრიელე სტანგლი მარტინ, ლუთერის სახელობის უნივერსიტეტიდან.
(მათ ბოლო კვლევაში,) მკვლევარებმა შეისწავლეს D ვიტამინის შემცველობა კაკაოსა და კაკაოს შემცველ პროდუქტებში, რადგან ივარაუდეს, რომ კაკაო წარმოადგენდა D ვიტამინის აქამდე უცნობი წყაროს. ფერმენტაციის შემდეგ ხდება კაკაოს მარცვლების გამოშრობა. მარცვლები თავსდება მზის სხივების ქვეშ 1–2 კვირის განმავლობაში. D ვიტამინის პრეკურსორები, რომლებიც, სავარაუდოდ, წარმოიშობა უსაფრთხო სოკოსგან, მზის სხივების ზემოქმედებით გარდაიქმნება D2 ვიტამინად. მათი თეორიის შესამოწმებლად, მკვლევარებმა გამოიკვლიეს მრავალი კაკაოს შემცველი პროდუქტი და ფხვნილი უახლესი მასს სპექტრომეტრიის ტექნოლოგიის საშუალებით.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კაკაოს შემცველი პროდუქტები ნამდვილად წარმოადგენს D2 ვიტამინის წყაროს, თუმცა მისი რაოდენობა მკვეთრად იცვლება პროდუქტის მიხედვით. მაგ., შავი შოკოლადი შეიცავს შედარებით დიდი რაოდენობით D2 ვიტამინს, მაშინ როცა მისი შემცველობა თეთრ შოკოლადში ძალიან მცირეა. „ეს გასაკვირი არ არის, რამდენადაც კაკაოს შემცველობა თეთრ შოკოლადში მნიშვნელოვნად დაბალია. ეს ადასტურებს ჩვენს ვარაუდს, რომ კაკაო არის D2 ვიტამინის წყარო“, ხსნის პროფესორი, ნუტრიციოლოგი სტანგლი.
თუმცა, აღმოჩენები ამ კუთხით არ აჩქარებს ნუტრიციოლოგს, რათა გაუწიოს რეკომენდაცია დიდი რაოდენობით შოკოლადის მიღებას: „D2 ვიტამინის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებად მოგიწევთ დიდი რაოდენობით შოკოლადის მიღება, რაც იქნება უკიდურესად არაჯანსაღი მასში შაქრისა და ცხიმის მაღალი შემცველობის გათვალისწინებით“, ამბობს სტანგლი.
კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია მოსახლეობის მიერ ნუტრიენტების მიღების საშუალო მაჩვენებლების შესახებ ზუსტი მონაცემების მიღებისთვის. მოსახლეობის საკვების მიღება განსაზღვრულია ეროვნული კვებითი კვლევების მიერ. მაქს რუბნერის ინსტიტუტი ითვლის მოსახლეობის ნუტრიენტებზე დღიურ მოთხოვნილებას ამ მონაცემებისა და გაფართოებული გერმანული ნუტრიენტების მონაცემთა ბაზის გაერთიანების გზით. თუ ამ მონაცემთა ბაზაში გამოტოვებულია D ვიტამინის წყარო, საბოლოო რიცხვები იქნება არაზუსტი. სწორედ ამიტომ, მკვლევარები რეკომენდაცას უწევენ საკვები პროდუქტებისა და ნუტრიენტების მონაცემთა ბაზის რეგულარულ გადახედვას.
მარტინ ლუთერის სახელობის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი, აგრეთვე, იყენებს თავიანთ აღმოჩენებს შემდგომ დაკვირვებით პროექტში: „კაკაო არის არსებული ნედლი საკვები ნივთიერება, რომელიც დამატებით შეიცავს მეორად მცენარეულ ნივთიერებებს, რომელებიც, თავის მხრივ, სასარგებლოა გულ–სისხლძარღვთა სისტემისთვის“, ამბობს ნუტრიციის სპეციალისტი სტანგლი. როგორც გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული nutriCARD-ის შემმუშავებელი კომპეტენტური ჯგუფის შემადგენელი ნაწილი, სტანგლის ჯგუფი იკვლევს შესაძლებელია თუ არა კაკაოს შემცველი უშაქრო პროდუქტების დამზადება, როგორიცაა მაგ., პასტა, და თუ ამგვარი პროდუქტები გაზრდის D2 ვიტამინის დონეს ადამიანებში.
სტატია ქართულ ენაზე მოამზადა: ენდოკრინოლოგმა მერი დავითაძემ
საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის პარტნიორმა წევრმა
ინფორმაცია მოწოდებულია მარტინ ლუთერის სახელობის უნივერსიტეტის მიერ, 26 სექტემბერი, 2018
სტატიის წყარო: https://medicalxpress.com/news/2018-09-cocoa-tasty-source-vitamin-d.html
დეტალურად იხილეთ: https://doi.org/10.1016/j.foodchem.2018.06.098