„იღბლიანმა გენებმა“ შესაძლოა სიმსუქნესთან დაკავშირებული დაავადებებისგან დაგვიცვას

„იღბლიანმა გენებმა“ შესაძლოა სიმსუქნესთან დაკავშირებული დაავადებებისგან დაგვიცვას

სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: მაიკო ბალარჯიშვილი
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: ‘Lucky Genes’ May Protect Against Some Obesity-Related Diseases

უახლესი ფართო გენეტიკური კვლევის შედეგების მიხედვით, სიმსუქნის მქონე ადამიანებს, რომლებსაც მემკვიდრეობით სხეულში ცხიმის გადანაწილების  „იღბლიანი გენები” ერგოთ, აღმოაჩნდათ ცხიმის მეტაბოლურ ეფექტებთან დაკავშირებული 11 დაავადების განვითარების უფრო დაბალი რისკი იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებმაც მემკვიდრეობით „უიღბლო გენები“ მიიღეს.

კვლევების ფარგლებში, არასასურველი გაცხიმოვნების გამომწვევი გენების მქონე ადამიანებში ცხიმის დაგროვება ხდება კანქვეშ. თუმცა, მათ ასევე აღენიშნათ მეტი რაოდენობით ექტოპიური ცხიმი (ცხიმი „არასწორ ადგილას“) პანკრეასისა და ღვიძლის გარშემო, რაც დაკავშირებულია ისეთი მეტაბოლური დაავადებების განვითარების რისკების მატებასთან, როგორიცაა გულის დაავადება და შაქრიანი დიაბეტი.

ამის საპირისპიროდ, „ხელსაყრელი“ გაცხიმოვნების სხვადასხვა გენის მტარებელ ადამიანებში ცხიმის დაგროვება მეტწილად გამოიხატებოდა კანქვეშ  (მაგ. მუცელი ან ღაბაბი).

სუზან მარტინის (Susan Martin), ფილოსოფიის დოქტორის, ექსეტერის უნივერსიტეტის (გაერთიანებული სამეფო) პოსტდოქტორანტურის ასოცირებული მკვლევარისა და მისი კოლეგების მიერ წარმოებული კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია eLife-ში.

„ზოგიერთი ადამიანი „უიღბლო სიმსუქნის გენების“ მტარებელია, რაც გულისხმობს დიდი რაოდენობით ცხიმის დაგროვებას როგორც კანქვეშ, ასევე, ღვიძლისა და პანკრეასის გარშემო. ეს დაკავშირებულია შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ის განვითარების მაღალ რისკთან,“ შეაჯამა მთავარმა ავტორმა, ჰანიე იაგუტკერმა (Hanieh Yaghootkar), (MD, PhD), ექსეტერის უნივერსიტეტის პრესრელიზში.

„სხვები მეტად იღბლიანები არიან, რადგან მათი გენეტიკური ფაქტორები ხელს უწყობს დიდი ოდენობით ცხიმის დაგროვებას კანქვეშ და ღვიძლის ქსოვილის ნაკლებ გაცხიმოვნებას, რაც ამცირებს შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ის განვითარების რისკს,“ აღნიშნავს იაგუტკერი, ბრუნელის უნივერსიტეტიდან (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო).

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სიმსუქნესთან დაკავშირებული 37 ქრონიკული დაავადებიდან, სიმსუქნის მეტაბოლური ეფექტები შესაძლოა იყოს შემდეგი 11 დაავადების მთავარი მიზეზი: შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი, კორონარული არტერიების დაავადება, პერიფერიული არტერიების დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ინსულტი, გულის უკმარისობა, წინაგულების ფიბრილაცია, თირკმელების ქრონიკული დაავადება, თირკმლის კიბო და პოდაგრა.

მეორეს მხრივ, არა მეტაბოლური ეფექტები, არამედ თავისთავად ჭარბი წონა (რაც იწვევს მეტ დატვირთვას სახსრებზე) ასოცირდება სიმსუქნესთან დაკავშირებულ  ცხრა სხვა დაავადებასთან, ესენია: ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოპოროზი, გასტროეზოფაგური რეფლუქს-დაავადება, ნაღველკენჭოვანი დაავადება, ზრდასრულებში ასთმა, ფსორიაზი, ღრმა ვენების თრომბოზი და ვენური თრომბოემბოლია.

კარგი გენები არ ანაცვლებს ცხოვრების ჯანსაღ წესს

 „ხელსაყრელი“ გაცხიმოვნების სხვადასხვა გენის მქონე ადამიანები ჯერ ისევ არიან იმ ცხრა დაავადების განვითრების რისკის ქვეშ“ რომელიც არ არის მეტაბოლური ეფექტებით გამოწვეული – მაგალითად, ოსტეოართრიტი – თუმცა ვითარდება სახსრებზე ჭარბი წონის ზემოქმედებით, აღნიშნავს ერთ-ერთი ავტორი, ფილოსოფიის დოქტორი ტიმოთი მ. ფრეილინგი (Timothy M. Frayling).

„სიმსუქნის მქონე და არასასურველი გაცხიმოვნების სხვადასხვა გენის მტარებელი ადამიანები არიან 20-ვე დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ, რამდენადაც მათზე ორმაგად აისახება როგორც მექანიკური, ისე უარყოფითი მეტაბოლური ეფექტები,“ აღნიშნავს ფრეილინგი (ექსეტერის უნივერსიტეტი) Medscape Medical News-თან გაგზავნილ წერილში.

მისივე თქმით, „კვლევის მთავარი გზავნილი იმის გარკვევაა, თუ რომელი მდგომარეობები ექვემდებარება უკეთ იმ მკურნალობას, რომელიც იწვევს ისეთი რისკის ფაქტორების გვერდითი ეფექტების შემცირებას,“ როგორიცაა სისხლში გლუკოზისა და ქოლესტეროლის მაღალი დონე „და მაღალი არტერიული წნევა, თუნდაც წონის კლების გარეშე.“

„ამის საწინააღმდეგოდ, სხვა მდგომარეობები საჭიროებს წონის კლებას.“

„კვლევის შედეგები ხაზს უსვამს, რომ შედარებით მაღალი სხეულის მასის ინდექსის (BMI) მქონე ბევრ ადამიანს აღენიშნება მრავლობითი ქრონიკული დაავადების განვითარების რისკები, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანად გააუარესოს მათი ცხოვრების ხარისხი, გამოიწვიოს ავადობა ან სიკვდილობა მაშინაც კი, თუ მათი მეტაბოლური პარამეტრები შედარებით ნორმალურია,“ შეაჯამეს მკვლევარებმა.

„მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია სიმსუქნესთან დაკავშირებული დაავადების მიზეზების გამორკვევა, კარგი გენები ჯერ კიდევ არ არის ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი,“ ხაზს უსვამს მარტინი.

„ხელსაყრელი გაცხიმოვნება განიცდის განვითარებას. თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, რჩევა კვლავ გულისხმობს ჭარბი წონის დაქვეითებას,“ აღნიშნა მან.

 „ავტორებმა განახორციელეს ყოვლისმომცველი კვლევა, მენდელის რანდომიზაციის გამოყენებით, რათა გაემიჯნათ ჭარბი წონის მეტაბოლური და არამეტაბოლური ეფექტები მრავალი დაავადების შედეგებზე,“ აცხადებს ედუარდ დ. იანუსი (Edward D. Janus), მელბურნის უნივერსიტეტის მედიცინისა და ფილოსოფიის დოქტორი (ავსტრალია).

„ეს მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ, თუ რა გავლენა აქვს ჭარბ წონას რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგის განვითარების რისკებზე.“

სიმსუქნით გამოწვეული მეტაბოლური და არამეტაბოლური დაავადებები

მკვლევარების მიზანს წარმოადგენდა გაცხიმოვნების ეფექტების გამოკვლევა სიმსუქნით გამოწვეულ მეტაბოლურ და არამეტაბოლურ დაავადებებზე.

მათ გამოიყენეს ფინეთის FinnGen-ის პროექტში ჩართული 176.899 ადამიანის და დიდი ბრიტანეთის Biobank-ის მონაცემთა ბაზაში არსებული 500.000-ზე მეტი პირის მონაცემები.

მკვლევარების მეირ ჩატარდა მენდელის რანდომიზაციის კვლევები 37 დაავადების გამოსავლის მონაცემებზე დაყრდნობით, BMI-ს, სხეულის ცხიმის პროცენტულობას, ხელსაყრელ გაცხიმოვნების ალელებსა და არასასურველი გაცხიმოვნების ალელებს შორის კავშირის დადგენის მიზნით,

სიმსუქნესთან დაკავშირებული ამ 37 ქრონიკული დაავადებიდან, 11 დაავადება პირდაპირ კავშირში იყო გაცხიმოვნების მეტაბოლურ ეფექტებთან (სადაც ხელსაყრელ ან არასასურველ გაცხიმოვნების სხვადასხვა გენს ქონდა საპირისპირო ეფექტი). ცხრა სხვა დაავადება არ იყო დაკავშირებული გაცხიმოვნების მეტაბოლურ ეფექტებთან.

დანარჩენი დაავადებების უმრავლესობისთვის – მაგალითად, ალცჰეიმერის დაავადების და სხვადასხვა კიბოს შემთხვევაში – რთული იყო მტკიცე დასკვნების გამოტანა ხელსაყრელი და არასასურველი გაცხიმოვნების სხვადასხვა გენის  შესაბამისი გავლენის შესახებ.

კვლევა დაფინანსებულია Diabetes UK-ის, გაერთიანებული სამეფოს სამედიცინო კვლევის საბჭოს, კიბოს კვლევის მსოფლიო ფონდისა და კიბოს ეროვნული ინსტიტუტის მიერ.