ვარჯიშამდე კოფეინის მიღება ცხიმის წვაში გვეხმარება

ვარჯიშამდე კოფეინის მიღება ცხიმის წვაში გვეხმარება

ქართულ ენაზე სტატია თარგმნა რეზიდენტმა: ნინო გუჯაბიძე
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: Caffeine Before Exercise Helps You Burn Fat

ჟურნალ International Society of Sports Nutrition-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, აერობულ ვარჯიშამდე ნახევარი საათით ადრე კოფეინის მიღებას – ან ძლიერი ყავის დალევას – შეუძლია გაზარდოს ცხიმების წვა.

ავტორები წერენ, რომ კოფეინის ეფექტი მეტია შუადღის ვარჯიშის წინ მიღებისას, ვიდრე – დილის ვარჯიშის წინ.

„ცხიმის ოქსიდაციის ინტენსივობის ზრდის მიზნით, დილაობით, ცარიელი კუჭით ვარჯიშის რეკომენდაცია არის ბანალური,“ სტატიაში აღნიშნავს ფრანსისკო ხოსე ამარო-გაეთე (Francisco Jose Amaro-Gahete) ფილოსოფიის დოქტორი (PhD), წამყვანი ავტორი და ფიზიოლოგი გრანადას უნივერსიტეტში.

„თუმცა, ეს რეკომენდაცია შეიძლება მოკლებული იყოს სამეცნიერო საფუძველს, რადგან უცნობია, ინტენსივობის მატება განპირობებულია დილით ვარჯიშით, თუ დიდი ხნის განმავლობაში საკვების გარეშე ყოფნით,“ ამბობს ის.

კვლევის ფარგლებში, 15 კაცი (საშუალო ასაკი – 32 წელი) სავარჯიშო ტესტს ასრულებდა 4-ჯერ, 7 დღის ინტერვალით. ისინი იღებდნენ 3 მგ/კგ დოზა (3 მილიგრამი წონის ყოველ კილოგრამზე) მწვანე ყავის მარცვლების ფხვნილს, რაც არის, დაახლოებით, ძლიერი ყავის ექვივალენტი, ან წყალში გახსნილ პლაცებოს. თითოეული პირი ტესტს ოთხივე შემთხვევაში ასრულებდა შემთხვევითი პირობით და კოფეინს ან პლაცებოს იღებდა თითოეულ ტესტამდე  30 წუთით ადრე, დილის 8 სთ-სა და საღამოს 5 სთ-ზე.

ტესტის დღეებში, მონაწილეები იღებდნენ კოფეინს, ან პლაცებოს, რის შემდეგაც, ციკლურ ვარჯიშის დაწყებამდე, ისვენებდნენ 30 წუთი. მკვლევართა ჯგუფის მიერ, თითოეულ ტესტამდე, დაწესდა გარკვეული პირობები – რაც მოიცავდა ბოლო კვებიდან გასულ დროს, სტიმულატორების მოხმარებასა და ფიზიკურ ვარჯიშს – ასევე, ისაზღვრებოდა ცხიმის ოქსიდაცია, ჟანგბადის მაქსიმალური ათვისება და ვარჯიშის ინტენსივობა.

საბოლოოდ, მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ დღის მონაკვეთის მიუხედავად, კოფეინის მიღება ვარჯიშამდე 30 წუთით ადრე ზრდის ცხიმის ოქსიდაციას. ამავდროულად, შიმშილის თანაბარი დროის მიუხედავად, ცხიმების წვის ხარისხი უფრო მაღალი იყო შუადღისას, ვიდრე დილით.

პლაცებოსთან შედარებით, კოფეინი ცხიმების ოქსიდაციას ზრდის 10,7%-ით დილით და 29%-ით – შუადღისას. კოფეინი, ასევე, ზრდის ვარჯიშის ინტენსივობას 11%-ით დილით და 13%-ით – შუადღისას. ასევე, ჟანგბადის მაქსიმალური ათვისება უფრო მაღალია შუადღისას.

„საერთო ჯამში, ეს შედეგები ცხადყოფს, რომ შუადღისას კოფეინის მიღების და ვარჯიშის კომბინაცია უზრუნველყოფს საუკეთესო მოქმედების გეგმას იმ პირებისთვის, რომლებიც ცდილობენ მთლიანი სხეულის ცხიმების დაჟანგვის ინტენსივობის ზრდას, აერობული ვარჯიშის დროს,“  წერენ ავტორები.

კვლევას მხარი დაუჭირა გრანადას უნივერსიტეტმა (University of Granada Plan Propio de Investigación 2016—Excellence actions: Unit of Excellence on Exercise and Health and the Junta de Andalucía, Consejería de Conocimiento, Investigación y Universidades). ავტორებს არ გამოუქვეყნებიათ შესაბამისი ფინანსური ურთიერთობები.