ენდოკრინოპათიები კიბოს მკურნალობის შემდეგ: წარმატების უარყოფითი მხარეები
ონკოლოგები და ენდოკრინოლოგები დიდი ხნის მეგობრები არიან, რამდენადაც მათი საქმიანობა მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული თანამედროვე სამედიცინო ისტორიაში.
ერთ დროს ენდოკრინული დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნეების მსგავსად, მოკლე ხანში იწვევდნენ სიკვდილს. მას შემდეგ, რაც ხელმისაწვდომი გახდა ინსულინი, თიროიდული ჰორმონები და გლუკოკორტიკოიდები, დაავადებებმა ქრონიკული სახე მიიღო ანუ შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, პაციენტებს შეუძლიათ ათწლეულებით გაიხანგრძლივონ სიცოცხლე, შექმნან ოჯახები და მიაღწიონ პროფესიული ზრდისა და განვითარების მაღალ ეტაპებს.
ფეოქრომოციტომის, ფარისებრის ჯირკვლისა და სასქესო ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეების მეტასტაზირებისას საჭირო ხდებოდა ონკოლოგი კოლეგების ჩართულობა. სათესლე ჯირკვლის მეტასტაზური სიმსივნე ერთ-ერთი პირველია, რომელმაც გამოავლინა მოსალოდნელი პასუხი სისტემურ თერაპიაზე.
მათ პაციენტებს კი ხშირად სჭირდებოდათ ტოქსიური მკურნალობა სიმსივნის აგრესიულობის შესამცირებლად ან ქირურგიული ჩარევა საციცოხლო ჩვენებით, როცა განკურნება შესაძლებელი იყო.
,,ონკოლოგიური პაციენტების მართვა ხშირად ფოკუსირებული იყო მწვავე ტოქსიკურობისა და სიმპტომების შემცირებაზე, როდესაც მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა არ იყო დიდი “.
ენდოკრინოლოგების ჩარევა საჭირო ხდება გლუკოზის დონის მატებისას, რაც ხშირად თან ახლავს გლუკოკორტიკოებით თერაპიას, რომელიც ინიშნება ქიმიოთერაპიის ეფექტის გასაძლიერებლად, საშიში ჰიპონატრიემიისა და ცნობიერებაზე მოქმედი ჰიპერკალცემიის დროს. მდგომარეობის მცირედი გაუმჯობესებისას მნიშვნელოვანია ენდოკრინოლოგის ჩარევა გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული ძვლოვანი მასის კარგვისა და კანის პრობლემების შესამცირებლად. მიუხედავად ამისა, გლუკოკორტიკოიდებმა ხელი შეუწყო სიცოცხლის გახანგრძლივებას.
ენდოკრინოლოგების ყოველდღიური საზრუნავისგან განსხვავებით, როგორიცაა დიაბეტიან პაციენტებში მომავალში გულსისხლძარღვთა ან თირკმლის დაავადებების თავიდან აცილება, ინკურაბელური ონკოლოგიური პაციენტების მართვა ხშირად მიმართულია მხოლოდ მწვავე ტოკსიკურობისა და სიმპტომების მოხსნაზე, როდესაც მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგძლივობა დიდი არ არის.
ონკოლოგიური დაავადებების წარმატებული მკურნალობის ენდოკრინული შედეგები დღესაც განაგრძობს პროგრესირებას, რამდენადაც იმუნოთერაპია აუმჯობესებს სხვადასხვა ავთვისებიანი სიმსივნის გამოსავალს, რომლებიც ადრე რეზისტენტული იყო ქიმიოთერაპიის მიმართ. თუმცა, ამ წარმატებას თავისი ფასი აქვს, რაც შეიძლება გამოვლინდეს თირეოიდიტებით, რომელსაც იწვევს PD-1 ინჰიბიტორები ან CTLA-4 ინჰიბიტორებით გამოწვეული უფრო სერიოზული ჰიპოფიზიტთა და აგრესიული იმუნოლოგიური დარღვევებით.
რემისიის გვერდითი ეფექტები
წარმატებას ონკოლოგიაში მრავალი ათწლეულია აქვს საკუთარი ენდოკრინული უარყოფითი მხარეები. 1970-იანი წლებში 60 Minute-მა გააკეთა გადაცემა რადიაციით გამოწვეული თირეოიდური სიმსივნეების შესახებ.
იმ დროს რადიაციული ზემოქმედების ძირითადი მიზეზები იყო ბავშვებში თიმუსის დასხივება, ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის თავიდან ასაცილებლად, ან დასხივება დერმატოლოგის დანიშნულებით ცისტური აკნეს მკურნალობის მიზნით. იყო სამხედრო ბირთვული დასხივების რამოდენიმე შემთხვევაც.
სამედიცინო დასხივება იმ მდგომარეობების დროს, რომლებიც არ წარმოადგენს საფრთხეს სიცოცხლისთვის, დიდწილად აღარ გამოიყენება, თუმცა გამოიყენება სხვა, უფრო გამართლებულ გარემოებებში.
,,რამდენადაც ადრე ლეტალურად მიჩნეული დაავადებების მკურნალობა დღეს მეტად აძლევს შესაძლებლობას ბავშვებს მიაღწიონ ზრდასრულობის ასაკს, კლინიცისტებმა უნდა გამოიკვლიონ კიბოს რემისიის არასასურველი შედეგები”.
გახშირდა ჰოჯკინის დაავადების დროს სხივური თერაპიის შედეგად სიცოცხლის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი ზრდა. რადგანაც, ანატომიური მდებარეობიდან გამომდინარე, ფარისებრი ჯირკვალი ხშირად მკურნალობის ველშია, ეგზოგენური დასხივების თავიდან აცილება შეუძლებელია. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩნდება ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეები, ამჯერად, როგორც გახანგრძლივებული სიცოცხლის მისაღები გვერდითი ეფექტი.
რამდენადაც ადრე ლეტალურად მიჩნეული დაავადებების მკურნალობა დღეს მეტად აძლევს შესაძლებლობას სხვადასხვა ავთვისებიანი სიმსივნის მქონე ბავშვს მიაღწიოს ზრდასრულობის ასაკს, კლინიცისტებმა, რომელთაც ყავთ ეს პაციენტები უნდა გამოიკვლიონ კიბოს რემისიის უსიმპტომოდ მიმდინარე არასასურველი შედეგები.
რადგანაც თავის ტვინის რადიოთერაპია ხშირად პროტოკოლის ნაწილია, ენდოკრინულმა საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ შეიმუშავა მტკიცებულებებზე დაფუძნებული გაიდლაინი, რომლის მიზანიცაა ჰიპოფიზსა და ჰიპოთალამუსზე რადიაციული ზემოქმედების გამოვლენა და კუპირება.
რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება
სქესობრივი მომწიფებისა და სიმაღლეში ზრდის დარღვევების მართვა უნდა მოხდეს პედიატრიულ ასაკში. მათი დიაგნოსტირება გაცილებით ადვილია ბავშვებში, ვიდრე ზრდასრულებში.
ზრდასრულებში უფრო ხშირად ვხვდებით პაციენტებს, რომლებიც ვერ უმკლავდებიან საკუთარ მოვალეობებს, თავს გრძნობენ ცუდად, აქვთ ზოგადი ჩივილები და შეიძლება აღენიშნებოდეთ გარკვეული ინტელექტუალური დარღვევები.
ენდოკრინოლოგებს ყავთ პაციენტები, რომელთაც განუვითარდათ ჰიპოპიტუიტარიზმი, ჰიპოფიზის სიმსივნის ქირურგიული ან სხივური თერაპიის შედეგად. აუცილებელია ასეთი პაციენტების პერიოდული კონტროლი. ზოგჯერ აღნიშნული მდგომარეობა რჩება ყურადღების მიღმა, თუ მკურნალობა დიდი ხნის წინ ჩატარდა, არ იყო მიმართული უშუალოდ ჰიპოფიზისკენ, ან თუ მომდევნო მეთვალყურეობა ხდებოდა ოჯახის ექიმის ან ონკოლოგის მიერ.
ასეთი პაციენტები ენდოკრინოლოგთან ვიზიტამდე, ხვდებიან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სანამ ვინმე ჩაუტარებს გარკვეულ ანალიზებს და გამოავლენს დაბალ კორტიზოლს, დაბალ თავისუფალ თიროქსინს TSH-ის მოსალოდნელი მატების გარეშე, ზოგჯერ არაპროპორციულად მაღალ პროლაქტინს ქალებში ჰიპომენორეის და მამაკაცებში ტესტოსტერონის დაქვეითების ფონზე.
გაიდლაინში მოცემულია სხვადასხვა მარტივი ტესტი ჰიპოფიზის უკმარისობის გამოსავლენად და რეკომენდებულია ჩანაცვლებითი თერაპია, რომელიც დიდად არ განსხვავდება სხვა მიზეზით განპირობებული ჰიპოპიტუიტარიზმის მკურნალობისგან.
ევოლუცია ლეტალურიდან ქრონიკულისკენ
დიდი ხანია გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა პედიატრიული კიბოს დროს, განსაკუთრებით როცა სიმსივნე ენდოკრინული წარმოშობისაა. ბავშვთა ასაკში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მქონე პირები, როგორც წესი, აღწევენ ზრდასრულ ასაკს და იღებენ გადაწყვეტილებას ლევოთიროქსინის ზოგჯერ ქრონიკულად სუპრაფიზიოლოგიური დოზებით მიღების გრძელვადიანი შედეგების შესახებ.
მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიის სინდრომები და ზოგიერთი ფეოქრომოციტომა ვითარდება ბავშვთა ასაკში და იძენს ქრონიკული მდგომარეობის სახეს, რის გამოც აღნიშნული პაციენტები გადადან პედიატრიდან ზრდასრულთა თერაპევტის მეთვალყურეობაზე.
ენდოკრინოლოგებისთვის ცნობილია რამდენიმე მაღალი რანგის სპორტსმენი, რომელთაც სათესლე ჯირკვლის კარცინომა განუვითარდათ ადრეულ ასაკში და სჭირდებათ ხანგრძლივი უწყვეტი მკურნალობა, თუ მათი განკურნება ვერ მოხერხდა სათესლე ჯირკვლის ცალმხრივი ოპერაციით.
რომ გადავხედოთ წარსულს, ბევრი დაავადება იყო ლეტალური და გახდა ქრონიკული, ინსულინის ხელმისაწვდომობამ შესაძლებელი გახადა შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული სამიზნე ორგანოების დაავადებების პროგნოზირება და მართვა.
ამგვარად, რამდენადაც კიბო იძენს ქრონიკული დაავადების სახეს გრძელვადიანი სამედიცინო მოლოდინებით, ექიმები, ეჭვგარეშეა, გააკეთებენ ყველაფერს ადაპტირებისთვის. ენდოკრინული საზოგადოება პირველია, რომელმაც გააცნობიერა აღნიშნული რეალობა და დაიწყო შესაბამისი ქმედებები.
სტატია საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციისთვის თარგმნა ენდოკრინოლოგმა ნელი ლაგურაშვილმა, რედაქტორი: ენდოკრინოლოგი ანა კობაიძე
წყარო: Endocrinopathies After Cancer Therapy: The Downside of Success – Medscape – Jan 17, 2019.