- By ქეთევან ძაგანია
- In სიახლეები
ენდოკრინოლოგიური დაავადებებისას ლიპიდების მონიტორინგის პირველი გაიდლაინი
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: ქეთევან ძაგანია
წყარო: First-of-Its Kind Guideline on Lipid Monitoring in Endocrine Diseases
ენდოკრინოლოგიის საზოგადოების ახალი კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინის თანახმად, კარდიოვასკულარული რისკი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ნებისმიერი ტიპის ენდოკრინული დაავადებისას — არა მხოლოდ დიაბეტის დროს — და აღნიშნული დარღვევების მქონე პაციენტები საჭიროებენ სკრინინგს ქოლესტეროლის მაღალ მაჩვენებელზე.
„ენდოკრინული დაავადებების მქონე პაციენტებში ლიპიდური პანელის შემოწმების მარტივი რეკომენდაცია და კარდიოვასკულარული რისკის გამოთვლა, შესაძლოა, წარმოადგენდეს პრაქტიკის ცვლილებას, რადგან ეს არ ხდება რუტინულად,“ Medscape Medical News-სთან საუბარში აღნიშნა კონი ნიუმანმა (Connie Newman), მედიცინის დოქტორმა (MD), ენდოკრინოლოგიის საზოგადოების კომიტეტის ხელმძღვანელმა.
„ჩვეულებრივ, ყურადღება მიპყრობილია ენდოკრინული დაავადების შეფასებასა და მკურნალობაზე, ვიდრე ათეროსკლეროზული კარდიოვასკულარული დაავადების რისკის შეფასებასა და მკურნალობაზე,“ თქვა ნიუმანმა, ნიუ იორკის უნივერსიტეტის გროსმანის მედიცინის სკოლის მედიცინის დეპარტამენტის პროფესორმა (ნიუ იორკი).
მაშინ, როდესაც შაქრიანი დიაბეტი, კარგად ცნობილი თავისი მომატებული კარდიოვასკულარული რისკის პროფილით, ძირითადად, მითითებულია კარდიოვასკულარული და ქოლესტეროლის მართვის სხვა პრაქტიკულ გაიდლაინებში, მათში არ არის ნახსენები მთელი რიგი სხვა ენდოკრინული დაავადებები.
„ეს გაიდლაინი პირველია ასეთი სახით,“ აღნიშნა ნიუმანმა.
„ენდოკრინოლოგიის საზოგადოებას აქამდე არ გამოუცია სხვა ენდოკრინული დაავადებების დროს ლიპიდების მართვის გაიდლაინი, ასევე, არც სხვა ორგანიზაციებს შეუქმნიათ გაიდლაინები აღნიშნულ საკითხზე.“
„უფრო ზუსტად, არსებობს ქოლესტეროლის მართვის გაიდლაინები, თუმცა ისინი არ აღწერს ქოლესტეროლის მართვას ისეთი ენდოკრინული დაავადებების მქონე პაციენტებში, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ჰიპოთირეოზი და ჰიპერთირეოზი), კუშნგის სინდრომი, აკრომეგალია, ზრდის ჰორმონის დეფიციტი, მენოპაუზა, მამრობითი ჰიპოგონადიზმი და სიმსუქნე,“ აღნიშნა მან.
თუმცა აღნიშნული მდგომარეობები ატარებს კარდიოვასკულარული რისკის ფაქტორებს, რაც საჭიროებს ყურადღებით მეთვალყურეობას და მართვას.
„მიუხედავად იმისა, რომ ენდოკრინული ჰორმონები, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, კორტიზოლი, ესტროგენი, ტესტოსტერონი, ზრდის ჰორმონი და ინსულინი მოქმედებს ლიპიდური მეტაბოლიზმის გზებზე, მედიკოსებს არ აქვთ საკმარისი მითითებები ენდოკრინული დაავადებების მქონე პაციენტებში არსებულ ლიპიდური დარღვევებზე, კარდიოვასკულარული რისკებსა და ლიპიდების დონისა და CVD რისკის დაქვეითებისკენ მიმართულ მკურნალობაზე,“ განმარტა მან.
მეიოს კლინიკის შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი, ვინაია სიმა (Vinaya Simha) ეთანხმება მოსაზრებას, რომ ეს გაიდლაინი აღსანიშნავია დაუკმაყოფილებელ მოთხოვნილებებთან მიმართებაში.
რეკომენდაციები, რომელსაც სიმა მტკიცედ უჭერს მხარს, მოიცავს, სტატინებით მკურნალობის მიუხედავად, CVD რისკის დაქვეითების მიზნით ეიკოზაპენტინის მჟავას (EPA) ეთილის ესტერის დამატებას შაქრიანი დიაბეტის, ან ათეროსკლეროზული კარდიოვასკულარული დაავადების მქონე ისეთ ზრდასრულებში, რომელთაც აღენიშნებათ ტრიგლიცერიდების მომატებული დონე.
ჯეიმს ლ. როზენცვაიგი (James L. Rosenzweig), MD, Hebrew SeniorLife-ის ენდოკრინოლოგი (ბოსტონი, მასაჩუსეტსი) ეთანხმება მოსაზრებას, რომ ეს არის მნიშნველოვანი დანამატი იმ სფეროსთვის, რომელიც მეტ მითითებას საჭიროებს.
„მრავალი კლინიკური სიტუაცია ამწვავებს დისლიპიდემიას, ზოგ მათგანს შეუძლია კარდიოვასკულარული რისკის მეტი ხარისხით გაზრდა მომატებულ ქოლესტეროლთან და/ან ტრიგლიცერიდებთან კომბინაციაში,“ უთხრა მან Medscape Medical News-ს.
„ბევრ შემთხვევაში, ფონური დაავადებების სათანადო მკურნალობას დიდი გავლენა აქვს ლიპიდური დარღვევის მოწესრიგებაში. სხვა შემთხვევებში, ნაჩვენებია უფრო აგრესიული ფარმაკოლოგიური მკურნალობა,“ ამბობს ის.
„ვფიქრობ, ეს იქნება ღირებული შესაძლებლობა, განსაკუთრებით, ენდოკრინოლოგებისთვის, თუმცა მისი [გაიდლაინის] გამოყენება შესაძლებელი იქნება სხვა დისციპლინების წარმომადგენლებისთვისაც.“
საკვანძო რეკომენდაციები სხვადასხვა ენდოკრინული მდგომარეობებისთვის
Journal of Clinical Endocrinology & Metabolism-ში გამოქვეყნებული გაიდლაინი დეტალურად აღწერს აღნიშნულ რისკებს და უზრუნველყოფს მათი მართვისა და მკურნალობის მტკიცებულებებზე დაყრდნობილ რეკომენდაციებს.
საკვანძო რეკომენდაციები მოიცავს:
- ენდოკრინული დარღვევების მქონე ყველა ზრდასრულის ლიპიდური პანელის მიღება და კარდიოვასკულარული რისკის ფაქტორების შეფასება.
- შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ისა და კარდიოვასკულარული რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში, ცხოვრების სტილის მოდიფიკაციასთან ერთად, სტატინებით თერაპიის დაწყება კარდიოვასკულარული რისკის შესამცირებლად. „ეს შეიძლება გულისხმობდეს ადრეულ მკურნალობას, რადგან სხვა გაიდლაინები თერაპიის განხილვას რეკომენდაციას უწევს 40 წლიდან,“ თქვა ნიუმანმა.
- სტატინებით მკურნალობა, ასევე, რეკომენდებულია ტიპი 1 დიაბეტის მქონე 40 წელს ზემოთ ზრდასრულებში, რომელთაც ანამნეზში დიაბეტი აღენიშნებათ > 20 წლის ხანგრძლივობით და/ან მიკროვასკულარული გართულებები, მათი CVD რისკის ქულის მიუხედავად. „ეს ნიშნავს, კარდიოვასკულარული რისკების დაქვეითების მიზნით, ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების სტატინებით ადრეულ მკურნალობას,“ აღნიშნა ნიუმანმა.
- ჰიპერლიპიდემიის მქონე პაციენტებში, ლიპიდ-დამაქვეითებელი თერაპიის დაწყებამდე ჰიპოთირეოზის გამორიცხვა; ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში ლიპიდური პროფილის თავიდან შეფასება, როდესაც მათი თირეოიდული ჰორმონების დონეები მიაღწევს ნორმის ფარგლებს.
- ლიპიდური პროფილის მონიტორირება საჭიროა მყარი ენდოგენური კუშინგის სინდრომის მქონე ზრდასრულებში. ცხოვრების წესის ცვლილებასთან ერთად უნდა განიხილებოდეს სტატინებით მკურნალობა, კარდიოვასკულარული რისკის ქულისგან დამოუკიდებლად.
- მენოპაუზის შემდგომი პერიოდის ქალებში მაღალი ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების მკურნალობა უნდა მოხდეს მეტად სტატინებით, ვიდრე ჰორმონალური თერაპიით.
- ადრეული მენოპაუზის (40-45 წლამდე) მქონე ქალებში ლიპიდებისა და სხვა კარდიოვასკულარული რისკის ფაქტორების განსაზღვრა და მკურნალობა.
‘რისკის ზრდის’ ენდოკრინული დარღვევების სრული შეჯამება
Medscape Medical News-სთან საუბრისას სიმამ აღნიშნა, რომ ახალი გაიდლაინი „შესაძლოა არის პირველი ყოვლისმომცველი ოფიციალური ანგარიში ლიპიდების მკურნალობასთან მიმართებაში იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ენდოკრინული დარღვევების ფართო სპექტრი, გარდა დიაბეტისა.“
„სამკურნალო რეკომენდაციების უმეტესობა არის იმ სხვა არსებული გაიდლაინების შესაბამისი, როგორიცაა ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯის (ACA)/ ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) [გაიდლაინები], თუმცა აქ ნახსენებია ის კონკრეტული ენდოკრინული დარღვევები, რომლის დროსაც იზრდება კარდიოვასკულარული რისკი,“ განმარტა მან.
ახალი რეკომენდაციები აღსანიშნავია, რადგან ისინი შეიცავს „სრულ შეჯამებას, თუ როგორ მოქმედებს სხვადასხვა ენდოკრინული დარღვევა ლიპიდურ მაჩვენებლებზე, ასევე, რომელი ენდოკრინული დაავადება უნდა განიხილებოდეს ‘რისკის ზრდის ფაქტორად’,“ აღნიშნა სიმამ.
„ტრიგლიცერიდემიის მქონე პაციენტებში EPA-ის გამოყენება ახალია, ACC/AHA-ს რეკომენდაციებთან შედარებით. ის ასახავს ამჟამად ხელმისაწვდომ ახალ მონაცემებს,“ დასძინა მან.
კლინიკურ ენდოკრინოლოგთა ამერიკულმა ასოციაციამ ახლახან გამოსცა ლიპიდების მართვისა და კარდიოვასკულარული დაავადების პრევენციის ახალი ალგორითმი, რომელშიც ხაზგასმულია ჰიპერტრიგლიცერიდემიის მკურნალობა.
დამატებით, ენდოკრინოლოგიის საზოგადოების ახალი გაიდლაინი „ასევე, მოიხსენიებს LDL-ის მკურნალობის საზღვრად 70 მგ/დლ-ს, ხოლო პაციენტთა გარკვეულ კატეგორიაში – 55 მგ/დლ-ს, რაც არ არის აღნიშნული წინა გაიდლაინებში,“ აღნიშნა სიმამ.
ყველაფრის გათვალისწინებით, ნიუმანმა დასძინა, რომ გაიდლაინის მიზანს წარმოადგენს ცნობიერების ამაღლება საკვანძო საკითხებზე იმ ენდოკრინული დაავადებებთან ერთად, რომელიც შესაძლოა არ იყოს კლინიცისტების ყურადღების არეალში.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს რუტიდან გადააქცევს ენდოკრინული დაავადებების მქონე ზრდასრულებში ლიპიდური პანელისა და კარდიოვასკულარული რისკის განსაზღვრას და გახდება თერაპიების უფრო დიდი ფოკუსი, გულის დაავადებებისა და ინსულტის სიხშირის შესამცირებლად,“ თქვა მან.
ნიუმანმა, სიმამ და როზენცვაიგმა არ აღნიშნეს რელევანტური ფინანსური ურთიერთობების არსებობა.