გაზაფხულის ლეთარგია

გაზაფხულის ლეთარგია

სტატიის ავტორია ენდოკრინოლოგი: ნათია ვაშაყმაძე

მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის გაზაფხული ერთ-ერთი ულამაზესი და უსაყვარლესი სეზონია, გაზაფხულის დადგომას ხშირად თან ახლავს ისეთი სიმპტომები და ნიშნები, როგორიცაა უენერგიობა, უღონობა, ადვილად დაღლა, ძილიანობა, უგუნებობა, თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, ადვილად გაღიზიანებადობა, დეპრესიულობა, ემოციური ლაბილობა. ამ სიმპტომოკომპლექსს, რომელიც გაზაფხულის დაწყებასთან ერთად იჩენს თავს ადამიანთან გარკვეულ ნაწილში გაზაფხულის ლეთარგიასაც უწოდებენ. რაშია საქმე? რატომ ხდება ასე? რეალურად, გაზაფხულის ლეთარგიის მიზეზი ბოლომდე ცნობილი არ არის. თუმცა, არსებობს ჰიპოთეზა, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება ჰორმონულ ძვრებს, რომელიც გაზაფხულზე ვითარდება ჩვენს ორგანიზმში.

ზამთარში, როდესაც დღე მოკლეა და მზე ნაკლებად გვათბობს, მცირდება ბედნიერების ჰორმონის – სეროტონინის გამოყოფა და სამაგიეროდ იზრდება ძილის ჰორმონის – მელატონინის გამომუშავება. გაზაფხულის დადგომასთან ერთად, როდესაც დღე იზრდება, მზეც უხვად გვათბობს თავისი სხივებით და დღის ნათელი პერიოდი ნელ-ნელა გრძელდება, ორგანიზმი იწყებს ზამთარში არსებული ჰორმონული ცვლილებების გამოსწორებას, კერძოდ იზრდება ბედნიერების ჰორმონის – სეროტონინის წარმოქმნა, ქვეითდება მელატონინის დონე, ასევე, იზრდება ენდორფინებისა და სასქესო ჰორმონების – ტესტოსტერონისა და ესტროგენების სეკრეცია. ამ ჰორმონულ გადართვას და ახალ ჰორმონულ ბალანსს, ჰორმონულ გადაწყობას ორგანიზმი უენერგიობითა და დაღლილობით პასუხობს.

გარდა ჰორმონული ცვლილებებისა, გაზაფხულზე საკმაოდ ხშირია ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი, რამდენადაც ზამთარში ბუნებრივად მცირდება ხილისა და ბოსტნეულის რაოდენობა ჩვენს რაციონში, ის ხილი და ბოსნეული, რასაც ზამთარში მივირთმევთ ხშირად გამოფიტულია ვიტამინებისა და მინერალებისგან, შესაბამისად, გამოზამთრებული ორგანიზმი გაზაფხულს და იმ ჰორმონულ ცვლილებებს, რაზეც ვისაუბრეთ ზოგჯერ ვიტამინების და/ან მინერალების დეფიციტით ხვდება, რაც თავისთავად აურესებს ორგანიზმის მედეგობას აღნიშნული სტრესის მიმართ.

ვიტამინების დეფიციტიდან პირველი რაც ალბათ ყველას გვაგონდება ზამთართან კავშირშია, ეს არის ე.წ. მზის ვიტამინის – D ვიტამინის დეფიციტი. ზამთარში ერთის მხრივ დღის მზიანი პერიოდი მოკლეა, კუთხე, რომლითაც მოემართება მზის ულტრაიისფერი B სხივები მახვილია, რაც ნიშნავს, რომ D ვიტამინის წარმოქმნისთვის საჭირო სხივები ჩვენს ატომოსფეროში ვერ აღწევს და, რაც მთავარია, ჩვენი სამოსი ზამთარში თითქმის სრულად ფარავს კანს, სადაც ხდება D ვიტამინის წარმოქმნა. D ვიტამინის დღიური მოთხოვნილების 80-90% სწორედ მზის დახმარებით ვიღებთ, ხოლო 10-20% მოდის საკვებიდან. შესაბამისად, ძალიან ლოგიკურია, რატომ გვაქვს D ვიტამინის დეფიციტი ზამთარში და რატომ ვიმკით მის შედეგებს გაზაფხულის დასაწყისში, როდესაც D ვიტამინის დონე პრაქტიკულად მინიმუმამდე მცირდება.

D ვიტამინი არ არის უბრალო ვიტამინი, მეტიც მას დღეს უკვე ჰორმონად განიხილავენ და თანამედროვე ლიტერატურაში D ჰორმონის სახელითაც შეხვედებით. იგი მნიშვნელოვანია სისხლში კალციუმის დონის შენარჩუნებისთვის და არა მარტო! D ვიტამინი ძლიერი იმუნომოდულატორია და გაზაფხულზე, როდესაც იმუნური სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადია, ზამთარში გადატანილი ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციების გამო, თუ გაზაფხულზე უხვად არსებული ალერგენების გამო, იმუნური სისტემის გამართული მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესია D ვიტამინის საკმარისი რაოდენობით არსებობა.

D ვიტამინის გარდა გაზაფხულზე შესაძლოა აღინიშნებოდეს B ჯგუფის ვიტამინების (ერთის ან რამდენიმეს) დეფიციტი, B ჯგუფის ვიტამინების დიდი ნაწილი ნეიროტროპულია, რაც იმას ნიშნავს, რომ B ჯგუფის ვიტამინები მონაწილეობენ ნერვული სისტემის მუშაობაში, იმპულსების გადაცემასა და თავის ტვინის ფუნქციონირებაში. მათი დეფიციტიც საკამოდ ხშირია გაზაფხულზე, ზამთარ გამოვლილ ორგანიზმში.

მინერალები, როგორიცაა კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, თუთია ჩართულია ორგანიზმის ასობით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესში, დაწყებული დნმ-ის გაორმაგებიდან, გაგრძელებული სისხლის შედედებისა და გულის მუშაობით და დამთავრებული იმუნური სისტემის უჯრედების გამართული ფუნქციონირებით. მინერალების საუკეთესო წყაროა ხილ-ბოსტნეული, რომელიც ასე გვაკლია ზამთარში. შესაბამისად, ერთი ან რამდენიმე მინერალის ნაკლებობა შესაძლოა იყოს გაღიზიანებადობის, დაღლის, გულის აჩქარების, არითმიის, კანის სიმშრალის, ფრჩხილების მტვრევადობის და სხვათა მიზეზი.

და ბოლოს, გაზაფხულის დასაწყისშია ხშირია ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, ატმოსფერული წნევის ცვალებადობა, რაც შეიძლება ითქვას, გარკვეული სტრესია ზოგიერთი ადამიანისთვის და ამ სტრესს ორგანიზმი პასუხობს უენერგიობითა და დაღლილობით.

როგორ ვებრძოლოთ გაზაფხულის ლეთარგიას, გაზაფხულის ასთენიას?

ალბათ, სწორი იქნება პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ გაზაფხულის ლეთარგია ერთგვარი ფიზიოლოგიური გარდამავალი პროცესია ზამთარსა და ზაფხულს შორის, რომელსაც მეტნაკლებად განიცდის ყველა ინდივიდი. ეს არ არის დაავადება, რომელსაც უნდა ვუმკურნალოთ. თუმცა, ამ უსიამოვნო ფიზიოლოგიური პროცესის შემსუბუქება შესაძლებელია გარკვეული მეთოდებით, რომელსაც ეხლა ჩამოვთვლი.

  1. ძილის რუტინა – ძილი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ორგანიზმისთვის, ამ დროს ხდება დღის მანძილზე მიღებული ინფორმაციის გადამუშავება, დაფასოება და შენახვა, ამ დროს ხდება დღის მანძილზე ორგანიზმის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება, დასვენება, ძალების აღდგენა და მეორე დღისთვის მომზადება, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ძილის დროს ხდება გარკვეული ჰორმონების წარმოქმნის გაძლიერება და გარკვეული ჰორმონების შემცირება, ასე მაგალითად, მცირდება სტრესული ჰორმონები და იზრდება ზრდის ჰორმონის წარმოქმნა, რაც აუცილებელია ორგანიზმის გამართული მუშაობისთვის. ჩვენი ენდოკრინული სისტემა ექვემდებარება ცირკადულ ანუ დღე-ღამურ რიტმებს და სრულფასოვანი და საკმარისი ძილი აუცილებელია ჰორმონული ბალანსის შენარჩუნებისთვის. ძილი უნდა იყოს მინ. 7-8 საათიანი, შეიძლება მეტიც, მოთხოვნილების მიხედვით. უნდა ვიხელმღვანელოთ პრინციპით – დავიძინოთ დღეს და გავიღვიძოთ ხვალ. სრულფასოვანი და ხარისხიანი ძილი დაგვეხმარება გაზაფხულის რთული დღეების გადალახვაში.
  2. ჯანსაღი, ვიტამინებით, მინერალებითა და ცილით მდიდარი საკვები:

ჩვენ ვართ, რასაც ჩვენ ვჭამთ – ეს ფრაზა ასახავს კვების როლს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. გაზაფხულზე შემოდის ახალი ხილი და ბოსტნეული, რომელიც დიდი რაოდენობით უნდა ჩავრთოთ რაციონში, განსაკუთრებით ბოსტნეული! სწორედ ეს საკვები აწვდის ორგანიზმს ვიტამინებისა და მინერალების უმეტესობას. აუცილებელია ცილით და სასარგებლო ცხიმებით ორგანიზმის შევსება, ეს გახლავთ ხორცი (შევეცადოთ შედარებით მჭლე ნაჭრები), თევზი კვირაში, როგორც მინუმუმ, ორჯერ და განსაკუთრებით ოკეანისა და ცხიმიანი თევზი. ასევე თხილეულობა, რომელიც ჯანსაღი ცხიმებისა და აუცილებელი მინერალების კარგი წყაროა. და ბოლოს, რძის ნაწარმი, რომელიც კალციუმის კარგი წყაროა ორგანიზმისთვის. აღსანიშნავია, რომ გაზაფხულის დასაწყისი ხშირად ემთხვევა სააღდგომო მარხვას, ასეთ დროს, როდესაც ადამიანები ზღუდავენ ხორცის, თევზისა და რძის ნაწარმის მოხმარებას, სწორია, რომ მიიღონ კალციუმისა და D ვიტამინის დანამატები, ასევე შესაძლოა ხარისხიანი მულტივიტამინებიც, ვიტამინების დეფიციტის თავიდან ასარიდებლად. კვება უნდა იყოს ბალანსირებული, მრავალფეროვანი და იდეალურ შემთხვევაში 3-ჯერადი. გაჯერებული უნდა იყოს სეზონური ბოსტნეულითა და ხილით.

  • კვებასთან ერთად აუცილებელია ცალკე აქცენტი გავაკეთოთ ორგანიზმის საკმარის ჰიდრატაციაზე. აუცილებელია დღის მანძილზე წყლის მიღება, საშუალოდ 2 ლიტრი. ზოგიერთ ადამიანს ძალიან კარგად უმუშაობს წყურვილის ცენტრი, ზოგთან კი სუსტად რეაგირებს სითხის ნაკლებობაზე. იდეალურია 8 ჭიქა წყალი დღეში, განაწილებული დღის მანძილზე მრავალ მიღებაზე. წყლის ნაკლებობა ხელს უწყობს გაზაფხულის ლეთარგიის გაუარესებას. მყოლია პაციენტები, რომლებთანაც ანამნეზის შეკრებისას აღმომიჩენია, რომ დღის მანძილზე წყალს საერთო არ იღებდნენ და თავს გრძნობდნენ ცუდად, აწუხებდათ თავის ტკივილის, თავბრუ, გულის აჩქარება, ჰაერის უკმარისობა, სისუსტე. ეს პრობლემა მოგვარებულა წყლის ადეკვატური რაოდენობის მიღებით. ეს თითქოს ძალიან მარტივი და ელემენტარულია, თუმცა აუცილებელი და შეუცვლელი.
  • ფიზიკური აქტივობა – ბედნიერების, ახალგაზრდობისა და სიჯანსაღის წყარო! გაზაფხულის ლეთარგიის დაძლევისთვის პრაქტიკულად შეუცვლელია ფიზიკური აქტივობა. მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვა იყოს ზომიერი და რეგულარული. როგორც მინიმუმ, დღეში 30-60 წთ ფეხით სიარული, გაზაფხულზე, როდესაც მზემ ბოლოს და ბოლოს გამოანათა, ტყემლები აყვავდა და ირგვლივ გაზაფხულის სურნელია, ნამდვილად ვერ ვიპოვით მიზეზს, თუ რატომ არ უნდა გავიდეთ ჰაერზე და თუნდაც ვისეირნოთ ან უკეთეს შემთხვევაში სწრაფი ნაბიჯით ვიაროთ. მნიშვნელოვანია, ადამიანი დაკავდეს იმ ფიზიკური აქტივობით, რაც უყვარს, მაგალითად, ცურვა, ცეკვა, სპორტი ან სხვ. მთავარია ფიზიკური აქტივობა იყოს რეგულარული და სისტემატიური ხასიათის. ფიზიკური დატვირთვის დროს ჩვენს ორგანიზმში ხდება ენდორფინების და ბედნიერების მოლეკულების ამოფრქვევა, რომელიც ბუნებრივი ანდიდეპრესანტია და იდეალურად ებრძვის გაზაფხულის ასთენიას.
  • მულტივიტამინებით ორგანიზნის შევსება თუ სპეციფიკური ვიტამინების მიღება, რაც გვაკლია?!

მე, როგორც ექიმი, ჩემს პაციენტებთან, სიმპტომების მიხედვით, რა საკვირველია, ვეძებ კონკრეტული ვიტამინის და/ან მინერალის დეფიციტს და ვავსებ კონკრეტულ დეფიციტებს. მაგ., D ვიტამინის დეფიციტს, კალციუმის ნაკლებობას, B12-ის უკმარისობას, სელენიუმის დეფიციტს და ა.შ., შესაბამისად, თუკი ადამიანს აწუხებს ჩამოთვლილი სიმპტომები, არ იკვებება ჯანსაღად, აწუხებს წონაში მატება ან პირიქით „უმიზეზო“ კლება, უმჯობესია, მიმართოს ენდოკრინოლოგს, რათა კონკრეტულად იყოს გამოკვეული მიზეზი. მე პირადად, ჩვეულებრივ, არ ვემხრობი მულტივიტამინების გამოყენებას და აი, რატომ: მულტივიტამინები შეიცავს ბევრ ვიტამინსა და მინერალს მცირე დოზით, რაც აკმაყოფილებს ან ზოგჯერ არც კი აკმაყოფილებს დღიურ მოთხოვნილებას. თუ გაქვს რომელიმე ვიტამინის დეფიციტი, მულტივიტამინებში შემავალი ეს ვიტამინი ვერ შეავსებს დეფიციტს და დეფიციტი დარჩება დეფიციტად. სამაგიეროდ, მეორე მხრივ, მულტივიტამინების მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ორგანიზმის ადაპტაციური უნარები და იმიტაცია გააკეთოს, თითქოს ადამიანი უკეთ გრძნობს თავს (პლაცებო ეფექტიც არ დაგვავიწყდეს), შესაბამისად, მულტივიტამინები პრობლემის მოგვარებას არ გვაძლევს და მხოლოდ ფასადურად, შესაძლოა მოახდინოს პრობლემის შენიღბვა, დამალვა და გადავადება.

შეჯამების სახით შეიძლება ვთქვათ, რომ გაზაფხულის ლეთარგია, გაზაფხულის დაღლილობა დროებითია და სრულიად ფიზიოლოგიური პროცესია ზამთრიდან ორგანიზმის გამოღვიძების, ზამთრიდან გაზაფხული-ზაფხულზე გადაწყობის პერიოდში, აუცილებლად გაივლის აპრილის შუა რიცხვებიდან, მაქსიმუმ აპრილის მიწურულს. ამ დისკომფორტის შემსუბუქება კი მარტივი და ჯანსაღი ცხოვრების წესით შესაძლებელია. თუკი სიმპტომებმა არ გაიარა, აუცილებელია ექიმთან, კერძოდ, ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია მიზეზის დადგენისა და მკურნალობის სწორი ტაქტიკის შემუშავების მიზნით.