ბიოტინის (B7 ვიტ.) გამოყენებას შეუძლია ფარისებრის კვლევები შეცვალოს

ბიოტინის (B7 ვიტ.) გამოყენებას შეუძლია ფარისებრის კვლევები შეცვალოს

კლინიკური პრაქტიკის გაუმჯობესების კვალდაკვალ, სამედიცინო გადაწყვეტილების მიღება უფრო მეტადაა დამოკიდებული ლაბორატორიულ ტესტებზე. თუმცა, ლაბორატორიულ კვლევებზე გავლენას ახდენს ნივთიერებები, რომლებიც ურთიერთქმედებს სხვადასხვა რეაგენტებთან და ცვლის შედეგებს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს პაციენტისთვის არასწორი მკურნალობის დანიშვნა. ერთ-ერთი ასეთი ნივთიერებაა დღეისათვის პოპულარული დანამატი ბიოტინი, წყალში ხსნადი B ვიტამინი, რომლის მიღებაც ხდება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მრავალი მიზნით. ადამიანების უმეტესობა ბიოტინის საკმარის რაოდენობას იღებს კარგად დაბალანსებული დიეტით და დღიური ადეკვატური მიღება შეადგენს, დაახლოებით, 30 მკგ/დღეში. მულტივიტამინები დაახლოებით 30-300 მკგ ბიოტინს შეიცავს მაშინ, როდესაც თმისა და ფრჩხილების დანამატებში ბიოტინის შემცველობა 5000-დან 10000 მკგ-მდეა. ბიოტინი მაღალი დოზით ხელმისაწვდომია ბაზარზე, როგორც თმისა და კანის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი საშუალება.

მრავალი ანგარიშია გამოქვეყნებული ბიოტინის ლაბორატორიულ ტესტებთან ურთიერთქმედებაზე, განსაკუთრებით, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ტესტებზე. ყველაზე ხშირად, ბიოტინი იწვევს T4-ისა და T3-ის ცრუ მაღალ და TSH-ის ცრუ დაბალ მაჩვენებელს, რაც ან ჰიპერთირეოზის(თირეოტოქსიკოზი) არასწორ დიაგნოზს განაპირობებს ან ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დოზის სიჭარბეზე არასწორად მიუთითებს. ამერიკის თირეოიდული ასოციაცია პაციენტებს რეკომენდაციას აძლევს, რომ მცდარი შედეგების რისკის თავიდან აცილების მიზნით, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების განსაზღვრამდე 2 დღით ადრე შეწყვიტონ ბიოტინის მიღება. 

დღეისათვის, არ არსებობს კვლევები, რომლებიც სწავლობენ ზოგად პოპულაციაში ბიოტინის ფართოდ გამოყენებას ან სისხლში ბიოტინის შემცველობას. აღნიშნული კვლევა აქვეყნებს მულტივიტამინებისა და ბიოტინის გამოყენებას ამბულატორიულ პაციენტებში როჩესტერში, მინესოტაში და, აგრეთვე, პლაზმის ბიოტინის დონეს მეიოს კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების პაციენტებში.

სტატიის სრული სახელწოდება

კაცმანი ბმ და ავტ., 2018 წლის ბიოტინის დანამატების ამბულატორიულად გამოყენების  გავრცელება და პლაზმის ბიოტინის კონცენტრაცია გადაუდებელი დახმარების განყოფილების პაციენტებში. Clin Biochem. Epub 2018 Jul 20. PMID: 30036510.

კვლევის შეჯამება

კვლევის მიზანი იყო ბიოტინის გამოყენების სიხშირის განსაზღვრა პოპულაციაში კითხვარის გამოყენებით და  მეიოს კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების პაციენტებში ბიოტინის დონის განსაზღვრა. სულ 4000 კითხვარი დაურიგდათ სისხლის გეგმიური ანალიზის ასაღებად გამოცხადებულ პაციენტებს ერთი კვირის განმავლობაში (10-14 ივლისი, 2017) და 1944 პაციენმტა დააბრუნა შევსებული კითხვარი. გამოკითხულთაგან თითქმის თანაბარი რაოდენობით იყვნენ ქალები და მამაკაცები. 

სულ 812 (41.8%) პაციენტმა აღნიშნა მულტივიტამინების მიღება და 149 პაციენტმა (7.7%) – ბიოტინის დანამატების მიღება. მათგან 29.5% ვერ დააზუსტა მიღებული ბიოტინის დოზა, 8.1% იღებდა 10000 მკგ-ს, 14.8% – 5000 მკგ-ს, 18.1% – 1000 მკგ-ს და 47% – <1000 მკგ.

ბიოტინი განსაზღვრული იყო გადაუდებელი დახმარების განყოფილების პაციენტების პლაზმის ნარჩენი ნიმუშებიდან ორი კვირის განმავლობაში, რაც შეადგენდა 1442 უნიკალურ ნიმუშს. ბიოტინის დონე არაგანსაზღვრადი იყო 737 ნიმუშში, >5 ნგ/მლ – 705 ნიმუშში და >10 ნგ/მლ – 107 ნიმუშში (7.4%). აღნიშნული 107 პაციენტიდან მხოლოდ 2 მათგანს ჰქონდა მითითებული ბიოტინის მიღება ელექტრონულად სამედინო დოკუმენტაციაში. 14 პაციენტს აღენიშნებოდა ბიოტინის კონცენტრაცია > 30 ნგ/მლ.

10 ნგ/მლ წარმოადგენს ყველაზე დაბალ კონცენტრაციას, რომლითაც, დადგენილია, რომ ბიოტინი ურთიერთქმედებს ხშირად გამოყენებულ ტესტებთან, თუმცა სხვა ტესტებზე გავლენის შემთხვევაში მისი კონცენტრაცია, შესაძლოა, განსხვავებული იყოს (მაღალი ან დაბალი).

რაში მდგომარეობს აღნიშნული კვლევის როლი?

აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, რომ მეიოს კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების პაციენტების  >7% აღენიშნებოდა ბიოტინის ისეთი კონცენტრაცია,  რომელსაც შეუძლია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების განსაზღვრისთვის გამოყენებული ტესტების მცდარი შედეგები განაპირობოს. დამატებით, მხოლოდ პაციენტების ~30%-მა აღნიშნა მულტივიტამინების ან ბიოტინის მიღება. ეს კვლევა მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის, ვინაიდან ის აჩვენებს, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს პოპულარულმა დანამატებმა ლაბორატორიულ ტესტებზე, რამაც შეიძლება არასწორი დიაგნოზი და მკურნალობა გამოიწვიოს.

სტატია საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციისთვის თარგმნა ენდოკრინოლოგმა ნაზიბროლა ჩირაძე

წყარო: Biotin supplement use is common and can lead to the false measurement of thyroid hormone in commonly used assays