ახალი მარკერები, რომლებიც იცავენ თირკმელს დიაბეტური დაზიანებისგან – მკურნალობის პერსპექტივები

ახალი მარკერები, რომლებიც იცავენ თირკმელს დიაბეტური დაზიანებისგან – მკურნალობის პერსპექტივები

მეცნიერებმა გამოავლინეს რამდენიმე ფერმენტი, რომლებიც სავარაუდოდ იცავენ თირკმელს დიაბეტური დაზიანებისგან და რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნან აღნიშნული მდგომარეობის სამკურნალოდაც.

კვლევა გამოქვეყნდა ონლაინ მაისის დასაწყისში, ჟურნალში „ Diabetes Care“.

აღმოჩნდა, რომ ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებს, რომელთაც დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობის მიუხედავად, არ განუვითარდათ თირკმლის ქრონიკული დაავადება, აღენიშნებოდათ პირუვატ კინაზა M2-ის მაღალი კონცენტრაცია გლომერულებში – თირკმლის იმ სტრუქტრურებში, რომელიც ახდენს  სისხლიდან ნარჩენი პროდუქტების ფილტრაციას.

ჯოსლინის სახელობის დიაბეტის ცენტრისა (ბოსტონი, მასაჩუსეტსი) და ჰელსინკის უნივერსიტეტის (ფინეთი) წარმომადგენელი, კვლევის ავტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი დანიელ გორდინი, აღნიშნულ შედეგზე დაყრდნობით, გამოთქვამს ვარაუდს, რომ პირუვატ კინაზა M2 მნიშვნელოვან როლს თამაშობს თირკმლის პროტექციაში.

კვლევამ ასევე გამოავლინა  მეორე მოლეკულა, ამილოიდის წინამორბედი ცილა, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს თირკმლის დიაბეტური დაზიანებისაგან პროტექციის უნარი.

ავტორები აცხადებენ, რომ აღნიშნული კვლევის შედეგების გათვალისწინებით შესაძლებელია ახალი ბიომარკერების შემუშავება, რომლებიც დაგვეხმარებიან როგორც თირკმლის დიაბეტური დაზიანების რისკის განსაზღვრაში, ასევე პერსონალიზებული ინტერვენციის შემუშავებაში და სავარაუდოდ ახალი სამკურნალო საშუალებების შექმნაში.

“თირკმლის დიაბეტური დაზიანება ძალიან მძიმე გართულებაა, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და შესაბამისად, სიკვდილობის რისკს. სასწრაფოდ უნდა მოიძებნოს ასეთი გართულების მქონე ადამიანების დახმარების საშუალება. კვლევებს დრო სჭირდება, თუმცა შედეგები – დამაიმედებელია“ – წერს გორდინი, ჯოსლინის პრესის გამოცემაში.

რაღაც იცავს ზოგიერთ პაციენტს თირკმლის ქრონიკული დაავადებისგან

ახალ კვლევას საფუძვლად დაედო ჯოსლინის მედალოსნების კვლევა, სადაც ჩართული იყო 1000-ზე მეტი ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანი, რომელთაც მიუხედავად დაავადების ხანგრძლივი, 50 წელზე მეტი ანამნეზისა, არ ჰქონდათ განვითარებული  დიაბეტური გართულებები. წინა ნაშრომში მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ინტაქტური თირკმლის მქონე ინდივიდებს აღენიშნებოდათ გლუკოზის მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტების უფრო მაღალი კონცენტრაცია თირკმლის გლომერულებში.

კერძოდ, პირუვატ კინაზა M2-ის დონე 2.7-ჯერ მეტი იყო მედალოსნების გლომერულებში, რომელთაც არ აღენიშნებოდათ თირკმლის დაზიანება (Nat.Med 2017; 23:753-762). პირუვატ კინაზა M2 მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლუკოზის დაშლასა და კრებსის ციკლში, რის შედეგად ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილებისაგან მიიღება ენერგია.

„აღნიშნული დაკვირვების შედეგად წარმოიშვა ლოგიკური აზრი, რომ ამ პაციენტებს რაღაც ფაქტორი იცავს თირკმლის დიაბეტური დაზიანებისგან. სწორედ ამით შესაძლოა აიხსნას, თუ რატომ შეძლეს მათ ასე ხანგრძლივად არსებობა, გართულებების გარეშე, ინსულინ-დამოკიდებული დიაბეტის მიუხედავად“ – გვიხსნის გორდინი.

მედალოსნების კვლევის შედეგების საფუძველზე, მეცნიერებმა მიზნად დაისახეს სამი საკითხის გარკვევა. პირველი, ასრულებდა თუ არა პირუვატ კინაზა M2 დამცველობით ფუნქციას არა-მედალოსნებში; მეორე, პირუვატ კინაზა M2 მედალოსნების პლაზმაშიც ცირკულირებდა, თუ მხოლოდ თირკმლით შემოიფარგლებოდა; და მესამე, მედალოსნებში სხვა დამცავი ფაქტორებიც ხომ არ უნდა გვეძებნა;

ამის გასარკვევად ექსპერიმენტები გაგრძელდა, როგორც პლაზმაში, ისე თირკმლის ქსოვილში. კვლევა გაფართოვდა და  მოიცვა  ტიპი 2 დიაბეტით დაავადებული და ხანმოკლე ანამნეზის მქონე ტიპი 1 დიაბეტით დაავადებული პირებიც.

პირველ რიგში, მეცნიერებმა შეისწავლეს  შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ით დაავადებული არა-მედალოსანი პაციენტების (n=15), ტიპი 2 დიაბეტის მქონე პირების (n=19) და არადიაბეტიანი ინდივიდების (საკონტროლო ჯფუფი, n=5) აუტოფსიით მიღებული თირკმლის ქსოვილი.

კვლევის შედეგად გამოვლინდა პირუვატ კინაზა M2-ის შედარებით დაბალი კონცენტრაცია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე პირებში, არადიაბეტიანებთან შედარებით (p=0.08), ისევე როგორც თირკმლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში – ინტაქტურ თირკმელთან შედარებით (p=0.07).

თირკმლის შენარჩუნებული ფუნქციის მქონე შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულებში, აღინიშნებოდა გლიკოლიზში მონაწილე ოთხი ფერმენტის, მათ შორის პირუვატ კინაზა M2-ის რაოდენობის ზრდა.

მეორე შეკითხვაზე პასუხის გასაცემად და მედალოსნების მოცირკულირე პლაზმის შესასწავლად, მათ პროტეომული და მეტაბოლომური ტექნოლოგია გამოიყენეს.

მესამე საკითხის შესასწავლად, მეცნიერებმა გამოიკვლიეს პლაზმა და გამოავლინეს მთელი რიგი მეტაბოლიტები და ცილები, რომელთა დონე ასევე მომატებული იყო. მათ ასევე ჩაატარეს გენეტიკური ანალიზი, რათა გაეგოთ მომატების მიზეზები და ეფექტები.

საბოლოო ჯამში, პლაზმის კვლევამ აჩვენა, რომ პირუვატ კინაზა M2 პროტექტორულ ფუნქციას ასრულებს არა მხოლოდ თირკმლებში, არამედ სხვა ქსოვილებშიც. ცილების და მეტაბოლიტების კვლევის შედეგები კი მიუთითებს, რომ პირუვატ კინაზა M2-ის-ის მიერ თირკმლის დაავადებისგან დაცვა სავარაუდოდ განპირობებულია უჯრედის შიგნით თავისუფალი გლუკოზის კონტროლითა და ტოქსიკური მეტაბოლიტების განეიტრალებით. 

„ჩვენ მივიღეთ მსგავსი შედეგი პირუვატ კინაზა M2-ის მომატებული კონცენტრაციის კუთხით, თირკმლის შენარჩუნებული ფუნქციის მქონე როგორც ტიპი 1, ისე ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულ პოპულაციაში“ – აცხადებს კვლევის პირველი თანაავტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ექიმი ჰეტალ შაჰი, ჯოსლინის სახელობის დიაბეტის ცენტრიდან.

ამილოიდის წინამორბედი ცილაც პროტექტორია

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ თირკმლის დიაბეტური დაზიანების არმქონე პირებს ამილოიდის წინამორბედი ცილის დონე მნიშვნელოვნად მომატებული ქონდათ თირკმლის დიაბეტური დაზიანების მქონე პირებთან შედარებით (= .01). ამის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „ამილოიდის წინამორბედ ცილიას გააჩნია თირკმლის დიაბეტური დაზიანებისგან დაცვის პოტენციალი“ – დასძინა შაჰმა.

აღნიშნული შედეგით გაკვირვებული დავრჩით – ამბობს შაჰი, რამდენადაც  ამილოიდის წინამორბედ ცილას შესაძლოა გააჩნდეს ანტითრომბოზული თვისებები, თუმცა ის დღემდე ცნობილი იყო მისი ასოციაციით ალცჰაიმერის დაავადების გაზრდილ რისკთან.

„ამილოიდის წინამორბედი ცილა პროტექტორულ თვისებებს ავლენს დიაბეტით დაავადებული პაციენტების სხვა სამიზნე ქსოვილებში. ამის დასადასტურებლად შემდომი კვლევა არის საჭირო“ – აღნიშნავს იგი.

ავტორები აღნიშნავენ კვლევის რამდენიმე ნაკლს. მათ შორის აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალ კვლევაში ცილების ანალიზი ჩატარდა მხოლოდ ხანგრძლივი ანამნეზის მქონე ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულებში და მან ვერ შეძლო დაედასტურებინა წინა კვლევის შედეგები, რომელიც ჩატარებული იყო ხანმოკლე ანამნეზის მქონე შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე პირებში.

საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციისთვის სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა მედეა ამაშუკელმა რედაქტორი ენდოკრინოლოგი ანა კობაიძე